ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის” განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტის განხილვას ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის” ეხმაურება.
„ჩვენ, როგორც ბიზნესასოციაციას, საჭიროდ მიგვაჩნია დავაფიქსიროთ საკუთარი პოზიცია, რადგან ერთი მხრივ, კანონპროექტის სადავო შინაარსი და მეორე მხრივ, მის გარშემო მიმდინარე მოვლენები საზოგადოებაში სერიოზული დაპირისპირების საგნად იქცა. ეს კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას ქვეყანაში და უარყოფითად მოქმედებს საქართველოს ევროკავშირის წევრობის გზაზე, რაც ქართველი ხალხის დადასტურებული სურვილი და საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული მიზანია.
ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების განცხადებებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კანონპროექტის ამ სახით მიღებას და აფრთხილებენ საქართველოს მოსალოდნელი რისკების შესახებ. თავად ევროკავშირის ოფიციალური პირების მხრიდანაც არაერთხელ გაჟღერდა, რომ მოცემული დოკუმენტი ეწინააღმდეგება EU-ს ფუნდამენტურ პრინციპებს; შესაბამისად წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთანაც, რომელიც კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს, „თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.
გარდა იმისა, რომ არსებობს კითხვები კანონპროექტის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, ასევე საჭიროა, გაკეთდეს მკაფიო განმარტებები, რა მიზანი აქვს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტს? ინიციატორების განცხადებით, ახალი რეგულაციის დანიშნულება უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების საქმიანობისა და ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. აღნიშნული აჩენს დამატებით კითხვებს, რამდენადაც, ერთი მხრივ, სახელმწიფოს აქვს წვდომა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისა და მათი ხარჯების შესახებ: საბანკო ანგარიშებისა და ოფიციალური დეკლარაციების საფუძველზე; მეორე მხრივ, საქართველოს უკვე აქვს კანონი ლობიზმთან დაკავშირებით, რომელიც უკვე არეგულირებს ლობისტურ ქმედებებს, ხოლო “სისხლის სამართლის კოდექსი” და საქართველოს სხვა სამართლებრივი დოკუმენტები არეგულირებენ ჯაშუშობის საკითხს.
ყველაფერთან ერთად, სამთავრობო უწყებების ინიციატივით, შექმნილია ოფიციალური საიტი, საგარეო დახმარების ინფორმაციული მართვის სისტემა, eAIMS, რომელიც წარმოადგენს საგარეო დახმარების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და ანგარიშგების ინსტრუმენტს. ვებგვერდი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მოიპოვოს ინფორმაცია ყველა დონორის, დაფინანსების ტიპის, პროექტის და თემატური მიმართულების შესახებ.
დღეს არსებობს ლეგიტიმური კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ კანონპროექტი დააზიანებს დემოკრატიულ პროცესებს და ხელს შეუწყობს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების დისკრედიტაციას მათთვის “აგენტის” სტატუსის მინიჭებით; აღნიშნული დამაზიანებელი იქნება დემოკრატიული პროცესებისთვის. ამას კი თავის მხრივ, უარყოფითი გავლენა ექნება საქართველოში უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე და მთლიანობაში ქვეყნის ეკონომიკაზე.
არსებული და პოტენციური რისკების გათვალისწინებით, ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტს”, – აღნიშნულია განცხადებაში.