გვიან ღამით, რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს თავს დაესხნენ
გუშინ გვიან ღამით, რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს თავს დაესხნენ.
რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეს თავს დაესხნენ.
კადრებში ჩანს, რომ მას ფიზიკურად რამდენიმე ადამიანი უსწორდება. ჯგუფ დაიტოვეში აქციის ერთ-ერთი მონაწილე წერს, რომ თავდასხმამდე ღვინიანიძეს ტელეფონზე დაურეკეს, 15 წამის განმავლობაში ხმას არ იღებდნენ და დაახლოებით 10 წუთის შემდეგ მივიდნენ ზუსტ ლოკაციაზე.
“მთელი დღის მუქარების შემდეგ, არ ვიცი ოღონდ, საიდან გაიგეს სად ვიყავი, უბრალოდ იმ საეჭვო ნორმიდან შემოვიდა ზარი, რომელსაც ვუპასუხე და ხმას არ იღებდნენ იქიდან და ეჭვი მაქვს, რომ ალბათ, ეგრე გაიგეს ლოკაცია. დაახლოებით 10 წუთში, პირბადეებით სამი ადამიანი მოვარდა. ჩაგვიარეს ჯერ ჩვეულებრივად მე და ჩემს მეგობარს, მერე გამარჯობაო და უკნიდან შემოგვიტიეს, ვერც მოვასწარით ვერაფრის გაკეთება.
დღეს 72 წლის მამაჩემს დაურეკეს და ემუქრებოდნენ, რომ შენი შვილი გაჩერდესო. როგორც ყველას, თავიდან გვეგონა, რომ უბრალოდ მუქარებია მხოლოდ და მეტი არაფერი”, – ამბობს ღვინიანიძე.
საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანსაც. მას სადარბაზოსთან თავს რამდენიმე უცნობი პირი დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. ჩიქოვანის თქმით, შემთხვევის დროს მარტო იმყოფებოდა.
“მარტო ვიყავი სახლის კარებთან და მინდა, რომ ჩემს მეგობრებს ვუთხრა, იმ ხალხს, რომელიც უკვე სამი კვირაა რუსულ კანონს აპროტესტებს ქუჩაში, რომ ეს რეჟიმი არის დასრულებული, ვერ შეგვაშინებენ, ვერ დაგვაჩოქებენ, ეს არაფერი არ არის, ეს არის მათი აღსასრული.
ეზოში მოხდა, ორი ადამიანი იყო ქუდებით ჩასაფრებული სადარბაზოს კარებთან და ყველაფერი მოხდა ძალიან უცებ. ქართული ოცნების მშიშარა ტიტუშკები ზუსტად 3 წუთში გაიქცნენ, როგორც გაიქცევიან ქვეყნიდან, ბოლოს ასე დამთავრდება. ეს არის რუსული რეჟიმი, ეს არის რუსული კანონი, ეს უკვე მოქმედებაშია და ვერაფერი შეაჩერებს ქართველ ხალხს”, – თქვა ჩიქოვანმა ფორმულას ეთერში.
გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძეს თქმით, ძმას რამდენიმე ადამიანი საკუთარ სახლთან თავს დაესხა. გია ჯაფარიძის თქმით, რომელსაც ცოტა ხნის წინ თავს დაესხნენ, ბეისბოლის ბიტების მსგავსი საგნით გაუსწორნდნენ.
“რუსები დაგვესხნენ თავს. 2 ადამიანი მახსოვს, შეიძლება 3 ან მეტი იყო. სადარბაზოსთან მოხდა. პირდაპირ ცემა დაიწყეს. ჯოხები [დამარტყეს]. რატომ ვეწინააღმდეგები რუსულ კანონს, ამას ამბობდნენ. ბეისბოლის ბიტებივით [ჰქონდა]”, – თქვა გია ჯაფარიძემ.