შსს პოლიტიკური ლიდერების და აქციის ორგანიზატორების გამოკითხვაზე დაბარებას აანონსებს
“რუსული კანონის” გასაპროტესტებლად გამართულ აქციებზე ყველა მოწოდებას, გამოსვლას და მიმართვას შსს სწავლობს მათში დანაშაულის ნიშნების აღმოსაჩენად – ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მხრიდან, საგამოძიებო ორგანოში მოხდება აქციის ორგანიზატორების, პოლიტიკური ლიდერებისა და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახის კავშირი ჰქონდეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვასთან დაკავშირებით, 2024 წლის 15 აპრილიდან დღემდე საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 8 მაისს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით:
სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლით, რაც გულისხმობს სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირებას.
ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს და ამავე კოდექსის 226-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ან რომელმაც ტრანსპორტის, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის, ახორციელებს ყველა იმ მოწოდების, საჯარო გამოსვლისა და მიმართვის, ასევე, ვიდეომასალების შესწავლას, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მხრიდან, საგამოძიებო ორგანოში მოხდება აქციის ორგანიზატორების, პოლიტიკური ლიდერებისა და ყველა იმ პირის გამოკითხვა, რომლებსაც შესაძლოა რაიმე სახის კავშირი ჰქონდეს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საპროტესტო აქციები კვლავ გრძელდება და შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ, მოუწოდებს აქციის მონაწილეებს დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი, არ გასცდნენ შეკრების და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს და არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება”, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.