საბუღალტრო ფირმებს და ბუღალტრებს დამკვეთების ინფორმაციის გასაჯაროება მოუწევთ
საბუღალტრო ფირმებისთვის, პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრებისთვის, აუდიტორებისა და აუდიტორული ფირმებისთვის 2025 წლიდან ახალი რეგულაციები შედის ძალაში.
ამას ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებიდან გამომდინარეობს.
კერძოდ, ანგარიშვალდებული პირი ვალდებული იქნება სამსახურს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის წლიურ ანგარიშგება წარუდგინოს. პირველი ანგარიშგების წარდგენა კი 2025 წელს მოხდება. ამ ანგარიშში მითითებული უნდა იყოს მათ შორის ინფორმაცია მათი კლიენტთა ბაზის სტრუქტურის შესახებ, კლიენტთა საქმიანობის სფეროს შესახებ, ასევე ინფორმაცია მათთან დადებული გარიგებების შესახებ.
„ცოტა კითხვის ნიშნის ქვეშ არის პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრები, რამდენად შეძლებენ ისინი ამ ტიპის ინფორმაციის მარტივად მოპოვებას, შეგროვებას, შემდეგ დადოკუმენტირებას და წარდგენას.
აქ ისეთი საკითხებია გასათვალისწინებელი, როგორიც არის მაგალითად, ბენეფიციარი მესაკუთრის და თავად კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესები, რომელიც უნდა ჰქონდეს თავად პროფესიული მომსახურების გამწევ ბუღალტერსაც შემუშავებული; როგორ მოახერხებს ის კლიენტთან ურთიერთობის დამყარებას. სანამ მასთან შევა ურთიერთობაში, მას ევალება ამ კანონით, რომ შეისწავლოს ეს კლიენტი, მოიძიოს თითოეულ მის მფლობელზე [ინფორმაცია], საბოლოო ფიზიკურ მფლობელობამდეც კი უნდა დავიდეს, ვინ არის ამ კლიენტის საბოლოო ბენეფიციარი. ეს დეტალური ინფორმაცია რამდენად მარტივად იქნება მოსაპოვებელი, ეს იქნება გასათვალისწინებელი“, – განმარტა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ბუღალტერთა კლუბ ფორუმის ხელმძღვანელმა სალომე ოდიშარიამ.
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლიდან ანგარიშგების წარდგენა ელექტრონულად, ანგარიშვალდებული პირების შესაბამისი რეესტრებიდან განხორციელდება.