ახალი ამბები

რა იცვლება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში

საქართველოს მთავრობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას გეგმავს. კანონპროექტის ავტორი ეკონომიკის სამინისტროა.

კანონპროექტის თანახმად „საპენსიო სააგენტოს“ სახელი შეიცვლება „საპენსიო ფონდის“ დასახელებით. იცვლება მმართველობითი სისტემა, კერძოდ, საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები უქმდება და მათ ნაცვლად იქმნება ერთი ორგანო „მმართველობითი საბჭო“. აღნიშნული საბჭო განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის მართვას, ასევე შეასრულებს საინვესტიციო და ადმინისტრაციულ/საოპერაციო ფუნქციებს.

მმართველობითი საბჭოს „სპეციალური ფუნქციები“ ექნება: საინვესტიციო, რისკისა და შიდა აუდიტის ფუნქციები. საინვესტიციო ფუნქცია გულისხმობს საპენსიო აქტივების ინვესტირებას რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მაქსიმალურად გაზრდის მიზნით.

საპენსიო ფონდის მმართველი საბჭო არანაკლებ 9, მაქსიმუმ კი 15 წევრისგან უნდა შედგებოდეს. 9 წევრის შემთხვევაში 1 თანამდებობრივი წევრია, ხოლო 9-ზე მეტის შემთხვევაში – 2 თანამდებობრივი წევრი.

„კანონის შესაბამისად მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრებს ირჩევს შესარჩევი კომისია და დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრთა კანდიდატურების შესარჩევი კომისია შედგება 7 წევრისგან: ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, პარლამენტის 3 წევრი (წარადგენს საკანონმდებლო ორგანო), 1 დამოუკიდებელი წევრი (დამოუკიდებელ წევრს წარადგენს ეროვნული ბანკი).

მმართველობითი საბჭო ვალდებულია შექმნას შემდეგი კომიტეტები: საინვესტიციო კომიტეტი, რისკის კომიტეტი და შიდა აუდიტის კომიტეტი. კანონპროექტით დადგინდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს საპენსიო ფონდის და მისი ყველა საქმიანობის ზედამხედველს.

ამავე კანონპროექტით განისაზღვრა სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევის წესი, აღნიშნულის განხორციელება დაეკისრა „საპენსიო ფონდის“ საინვესტიციო კომიტეტს, რომელიც სპეციალიზებულ დეპოზიტარს კონკურსის წესით შეარჩევს. შერჩევის მოთხოვნებს, განსაზღვრავს და ამტკიცებს მმართველობითი საბჭო. ამავე მუხლში ეროვნულ ბანკთან სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების დადებაზე გადაწყვეტილების მიღება დაექვემდებარა მმართველობით საბჭოს.

ამასთანავე, კანონპროექტის ერთ-ერთი ნაწილის თანახმად, საპენსიო ფონდში თანხების გადანაწილება შესაძლებელი იქნება პროექტების ფინანსირებაზე; იზრდება ლიმიტებიც, მაგალითად დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის 15%-იანი ლიმიტი, იზრდება 20%-მდე, ხოლო მაღალპროცენტიანი საინვესტიციო პორტფელი 25%-მდე.

გარდა ამისა, იზრდება „საპენსიო ფონდის“ მართვის საკომისიოც 0.5%-დან 0.75%-მდე.

„გავლენის ჯამური ოდენობა დამოკიდებული იქნება თუ რა კონკრეტულ ოდენობას დაადგენს საქართველოს მთავრობა, ასევე მეტწილად დამოკიდებული იქნება მოცემულ მომენტში საპენსიო ფონდის მართვის ქვეშ მყოფი აქტივების მოცულობაზე“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.

„იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტის შესაბამისად იზრდება ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილებები, რაც დაკავშირებულია დამატებითი ადამიანური რესურსის საჭიროებასთან, აღნიშნული საჭიროების ფარგლებში დასაქმებულს პირებს ასევე მოუწევთ საშემოსავლო გადასახადის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში. ზემოაღნიშნული გარემოებები გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე“.

კანონპროექტის მიხედვით, 2025 წლის 1-ელ ივლისამდე საპენსიო ფონდმა უნდა უზრუნველყოს სამართლებრივი აქტების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა, ხოლო 2025 წლის 1-ელ მარტამდე შესარჩევმა კომისიამ უნდა უზრუნველყოს მმართველობითი საბჭოს წევრების არჩევა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა არჩეული წევრების დანიშვნა.