ახალი ამბები

საქართველოს შეუჩერდეს კანდიდატის სტატუსი, გადაიხედოს დაფინანსება – ევროპარლამენტარები ბორელს მიმართავენ

ევროპარლამენტარები ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელის ღია წერილით მიმართავენ და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შეჩერებისკენ მოუწოდებენ.

წერილში, რომელსაც ხელს 31 ევროპარლამენტარი აწერს, აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების არადემოკრატიული ქცევის გაგრძელება, კერძოდ კი აგენტების შესახებ „რუსული სტილის“ კანონის მიღების აგრესიული მცდელობა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას ზღვარს გასცდა.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ უნდა გადაიხედოს ევროკავშირის მიერ საქართველოს ბიუჯეტისა და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება.

“ასეთმა ქცევამ კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა და პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში, რაც ეწინააღმდეგება 9 ნაბიჯს, რომლის შესრულების ვალდებულებაც საქართველოს მთავრობამ აიღო, როდესაც ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. ევროკავშირის მიერ ამის იგნორირება აღარ შეიძლება. მოგიწოდებთ გამოიჩინოთ მტკიცე პოზიცია და მიიღოთ შემდეგი ზომები, რაც საქართველოს ხელისუფლებას მკაფიო სიგნალს გაუგზავნის. პირველი, საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ქცევა ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს. შესაბამისად, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შეუჩერდეს, გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის გარეშე. მეორე, ევროკავშირის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება უნდა გადაიხედოს. მესამე, საქართველოს პროგრესის შუალედური შეფასება კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით უნდა განხორციელდეს შემდგომი შეფერხების გარეშე”,– აღნიშნულია წერილში.

ევროპარლამენტარები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ბოლო წლებში დაუღალავად მუშაობდნენ ქართველი ხალხისა და მათი ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მხარდასაჭერად.

“ჩვენ ახლაც მტკიცედ მივყვებით ამ გზას, მაგრამ დემოკრატიული კრიტერიუმები ევროკავშირის ყველა კანდიდატი ქვეყნისთვის იგივეა და დაცული უნდა იყოს”,– ნათქვამია წერილში.