კახეთში სარწყავი და სადრენაჟო სისტემების მოწესრიგებას ითხოვენ
კახეთის რეგიონში მცხოვრები მევენახეებისა და ფერმერების განცხადებით, სარწყავი სისტემის მოწესრიგება ერთიანად გაზრდის, როგორც გლეხის შემოსავალს, ასევე – მოსავლის რაოდენობას.
ადგილობრივები ამბობენ, რომ განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა სოფლებშია. ისინი ჩივიან, რომ ზაფხულში, გვალვის გამო ვენახები ფუჭდება, უწყლოობის გამო კი ერთწლიანი კულტურები ხმება.
,,ცუდ მდგომარეობაში ვართ. წყალი არ გვაქვს ვენახში შევიტანოთ რომ გახმობისგან გადავარჩინოთ ვაზი. შარშან მაგალითად, ვენახის ნახევარი განადგურდა. რამდენიმე ტონა ყურძნის ნაცვლად ერთი ტონა ძლივს გამოვიდა. ვთხოვ მთავრობას, რომ სოფლებში სარწყავი სისტემა მოაწესრიგონ, თუ არა და წყალი დააიაფონ, რომ მანქანებით შევძლოთ მიტანა. არც კი მახსოვს რამდენი წელია სარწყავი სისტემის მოწესრიგებაზე ვლაპარაკობთ. იცით რამდენი პრობლემის გადალახვა გვიწევს? ვალზე ვყდულობთდა ვრწყავთ ნაკვეთებს. ამიტომაც ყოველ წელს უფრო ნაკლები ადამიანი ამუშავებს მიწას.”, – აცხადებს knews.ge-სთან ნოდარ ჯაჭვაძე.
მევენახეების განცხადებით, საირიგაციო სისტემის ძირეული რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს რომ წყალი ყველა ფერმერის ნაკვეთამდე მივიდეს. ამბობენ რომ თუ სისტემის ძირეული რეაბილიტაცია განხორციელდება, გვალვა არ გააფუჭებს მოსავალს.
,,მეტ მოსავალს მივიღებ და ზარალიც ნაკლები იქნება. წინა წლებში დიდი ზარალი ვნახე, ძლიერი სიცხის გამო ვენახები და ხეხილის ბაღები გახმა. თუ სარწყავი სისტემის სრული რეაბილიტაცია მოხდება, გაუმჯობესდება ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების წყალუზრუნველყოფა, რის შემდეგაც გაიზრდება საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა “, – აცხადებს knews.ge-სთან გოჩა ბერიძე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგიას ინფორმაციით, ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტი პროექტი ხორციელდება. მისივე განცხადებით, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
,,მიმდინარე წელს, ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეების მხარდასაჭერად, 15-მდე პროექტს ვახორციელებთ, რაც ღირებულებათა ჯაჭვის ფაქტობრივად მთელ სპექტრს მოიცავს. ასევე, გვსურს, რომ დავაინიციროთ ახალი პროგრამები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად იქნება მორგებული ფერმერების ინტერესებზე პარტნიორებთან ერთად განხორციელებული პროექტები, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გაცილებით უფრო ეფექტიანს ხდის. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ ფერმერებს აწარმოონ ხარისხიანი ქართული პროდუქცია და იყვნენ უფრო კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე“.