ახალი ამბები

მომხმარებლის უფლებების დარღვევისთვის 14 მოვაჭრეს 11 300 ლარის ჯარიმა დაეკისრა

2024 წლის 1-ელი იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით, სააგენტოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 300 განაცხადი დაფიქსირდა. – აცხადებენ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში.

აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი დადასტურდა 31 საქმეზე. ასევე, სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 14 მოვაჭრეს 19 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა ჯამში 11 300 ლარი.
“მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 68% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 32% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 88%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 3%, რომელსაც მოჰყვება იმერეთი და კახეთის რეგიონები.

მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე ფიქსირდება 95, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე 91, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 52, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 16, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 14, ხოლო სხვა დანარჩენი 32.

საანგარიშო პერიოდში, 72%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს; ტრანსპორტი და დასაწყობება 11%-ს; ხელოვნება, გართობა და დასვენება 4%; ხოლო სხვა სახის საქმიანობა 13%-ს”,- ნათქვამია სააგენტოს ანგარიშში.