საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% მუშაობს
საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების მხოლოდ 27% ფუნქციონირებს. საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია, ამათგან კი მოქმედი 60 927 ბიზნესია (შესაბამისად, მათი საქმიანობის სფეროც უცნობია).
ამავე მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი, 198 255 ბიზნეს სუბიექტი საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის სფეროშია რეგისტრირებული, რომელთაგან აქტიურ მხოლოდ 43%-ია.
უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ იმ დარგების ხუთეულს, სადაც ყველაზე მეტი სუბიექტია რეგისტრირებული:
საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 198 255 რეგისტრირებული, აქედან აქტიური 85 747 სუბიექტი (43%)
დამამუშავებელი მრეწველობა – 44 634 რეგისტრირებული, აქტიური – 18 336 სუბიექტი (41%)
ტრანსპორტი და დასაწყობება – 35 126 რეგისტრირებული, აქტიური – 20 046 სუბიექტი (57%)
მშენებლობა – 34 084 რეგისტრირებული, 17 654 აქტიური სუბიექტი (51,7%)
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 25 759 რეგისტრირებული, აქტიური 10 848 სუბიექტი (42%)