დღეს თელაველი ფერმწერის, თეატრისა და კინოს მხატვრის ელენე ახვლედიანის დაბადების დღეა
დღეს თელაველი ფერმწერის, გრაფიკოსის, თეატრისა და კინოს მხატვრის ელენე ახვლედიანის დაბადების დღეა.
ყველა თელაველისთვის საამაყოა ელენე ახვლედიანის განუზომელი წვლილი ქართულ სახელოვნებო სფეროში. ქართველი მხატვრის ნახატებმა არა მხოლოდ თელავს არამედ სრულიად საქართველოს გაუთქვა სახელი საზღვრებს გარეთაც. მისი სახელის უკვდავსაყოფად, თელავის ცენტრალურ ქუჩას, სწორედ ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლა ამშვენებს, რომელიც ზრდის ახალ თაობებს.
ელენე ახვლედიანის ბიოგრაფია:
ელენე ახვლედიანი დაიბადა 1901 წელს 18 აპრილს თელავში, ექიმ დიმიტრი ახვლედიანისა და ელისაბედ ერისთავის ოჯახში. 1922 წელს სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში. იმავე წელს, როგორც აკადემიის სტიპენდიანტი, საზღვარგარეთ გაგზავნეს და სწავლა გააგრძელა პარიზში, კოლაროსის აკადემიაში (1922–1927).
1927 წელს დაბრუნდა სამშობლოში. ახვლედიანის მკაფიო ინდივიდუალურობა და თვითმყოფადობა მხატვრის ყველა ჟანრში გამოვლინდა. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ქართული პეიზაჟური მხატვრობის განვითარებაში. ხატავდა საქართველოს ბუნების სურათებს, ქალაქის პეიზაჟებს, რომლებიც გამოირჩევა ემოციურობით, რომანტიკულობით, მდიდარი ფერადოვნებით, ზოგჯერ – ხაზგასმული დეკორატიულობით, კომპოზიციის აგების სიმახვილით, ყოველთვის საგრძნობია განწყობილება – ზოგჯერ ხალისიანი და სადღესასწაულო, ზოგჯერ – სევდიანი, ზოგჯერ დრამატულიც.
განსაკუთრებული სიყვარულით არის შესრულებული თბილისის, სიღნაღისა და თელავის ძველი უბნებისადმი მიძღვნილი პეიზაჟები. მისი მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრებია: „ძველი თბილისი“ (1924, კერძო კუთვნილება, თბილისი), „კახეთი ზამთარი“ (1924, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), „ძველი თბილისი“ (1926, კერძო კუთვნილება, პარიზი), „პარიზის ერთ-ერთი კუთხე“ (1926, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), „თელავი“ (1927, კერძო კუთვნილება, თბილისი), „ალაზნის ველი“ (1954), „იმერეთი“ (1956, ორივე საქართველოს სურათების გალერეა, თბილისი), „შემოდგომა“ (1959, კერძო კუთვნილება, თბილისი) და სხვა.
ახვლედიანმა დიდი შრომა გასწია ქართული სცენოგრაფიის განვითარებას. თეატრის მხატვრად მუშაობა 1928-იდან დაიწყო კ. მარჯანიშვილის თეატრში (ქუთაისი) და არ შეუწყვეტია მთელი სიცოცხლის მანძილზე. გააფორმა 72 სპექტაკლი, როგორც თბილისის და საქართველოს სხვა ქალაქების, ისე მოსკოვის, ლენინგრადის, კიევისა და ხარკოვის თეატრებში.
აღსანიშნავია ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ (1942–1943, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი), ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“ (1932–1933, კ. მარჯანიშვილის თეატრი), ჯაკომო პუჩინის „ბოჰემა“ (1944–1945, მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის საოპერო სტუდია), ჯ. ვერდის „ბალ-მასკარადი“ (1955–1956, კიევის შევჩენკოს სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრი) და სხვა. ახვლედიანი ნაყოფიერად მუშაობდა წიგნის გრაფიკაშიც. მას ეკუთვნის ვაჟა-ფშაველას მოთხრობებისა და პოემების, მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავალი“, ჰენრი ლონგფელოს „ჰაიავათას სიმღერის“, ვიქტორ ჰიუგოს რომანის „კაცი, რომელიც იცინის“, დ. კასრაძის ზღაპრის „ქალ-პეპელას“ ილუსტრაციები. მის სახელს ატარებს თბილისის ბავშვთა სურათების გალერეა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. აღსანიშნავია, რომ მისი ნახატები გამოფენილია არა მხოლოდ თელავის ისტორიულ მუზეუმში არამედ ბატონის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოლბერტებზე შეხვდებით.