ფლანგვის დეტექტორი-ხელისუფლება აინიცირებს რუსულ კანონს გამჭვირვალობის ეგიდით, თუმცა, უწყებები საჯარო ინფორმაციას დღემდე არ გასცემენ
ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ხელისუფლება კიდევ ერთხელ აინიცირებს რუსულ კანონს, ამჯერად გამჭვირვალობის ეგიდით, თუმცა, უწყებები საჯარო ინფორმაციას დღემდე არ გასცემენ.
მათი ინფორმაციით, ადმინისტრაციული ორგანოები ხელოვნურ ბარიერებს ქმნიან, რიგ შემთხვევებში კი საჯარო ინფორმაციის მომთხოვნ პირებსა თუ ორგანიზაციებს უარს ეუბნებიან.
,,მაგალითად, ფლანგვის დეტექტორს ქონების ეროვნული სააგენტოსგან 4 თვის წინ გამოთხოვილი ინფორმაცია დღემდე არ მიუღია, როცა კანონით დადგენილი ვადა 10 დღეა. ამ მხრივ, გამორჩეულია თეა წულუკიანის მიერ მართული უწყებები – მინისტრად დანიშვნის შემდეგ, კულტურის სამინისტრო საჯარო ინფორმაციას საერთოდ აღარ გასცემს. სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ მოთხოვნილ საჯარო ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოც არ გასცემს. სისტემურად გაუმჭვირვალეა სასამართლოც: მოსამართლეები აჩერებენ მათი ქონების შემოწმების პროცესს და 2020 წლიდან შესაბამისი წესით აღარ ქვეყნდება სასამართლო აქტები. IDFI-ს ცნობით, 2022 წელი 2010-ის შემდეგ ყველაზე ცუდი წელიწადი იყო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით”,-წერია ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.