ახალი ამბები

Reuters – „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ბედი ფართოდ განიხილება, როგორც ტესტი იმისა, საქართველო დასავლეთთან ინტეგრაციის გზით სვლას აპირებს, თუ რუსეთთან დაახლოებას

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი „უცხოური აგენტების“ შესახებ, რომელიც, ევროკავშირის შეფასებით, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ბლოკში გაწევრიანების გზას და საპროტესტო აქციებს იწვევს, – ამის შესახებ Reuters-ის სტატიაშია აღნიშნული.

გამოცემა წერს, რომ კანონპროექტის ბედი ფართოდ განიხილება, როგორც ტესტი იმისა, საქართველო, საბჭოთა კავშირის დაშლიდან 33 წლის შემდეგ დასავლეთთან ინტეგრაციის გზით სვლას აპირებს, თუ რუსეთთან დაახლოებას.

„პარლამენტის წინ, კანონპროექტის 10 000-მდე მოწინააღმდეგე შეიკრიბა. რამდენიმე ათასმა მომიტინგემ მთავრობის შენობასთან გადაინაცვლა, რომელსაც მკაცრად იცავდა პოლიცია, ისინი კანონპროექტის მთავარ მხარდამჭერთან – პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, შეხვედრას მოითხოვდნენ“, – აღნიშნულია სტატიაში.

Reuters-ი წერს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელსაც ავტორიტარიზმსა და რუსეთთან გადაჭარბებულ სიახლოვეში ადანაშაულებენ, აცხადებს, რომ კანონპროექტი აუცილებელია გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და უცხოელთა მიერ დაწესებული „ფსევდო-ლიბერალური ღირებულებების“ წინააღმდეგ საბრძოლველად.

„საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ციტირებს პრემიერ-მინისტრის კომენტარს, რომლის თქმითაც, დასავლელ პოლიტიკოსებს კანონპროექტის წინააღმდეგ არც ერთი მართებული არგუმენტი არ წარმოუდგენიათ და მათი განცხადებები მთავრობას აზრს ვერ შეაცვლევინებს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომლის როლი უმეტესად ფორმალურ ხასიათს ატარებს, განაცხადა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში მას ვეტო-ს დაადებს. მაგრამ მისი ვეტოს დაძლევა შეუძლია“, – აღნიშნულია სტატიაში.