1-ელი ივნისიდან, პედაგოგების საშვებულებო ანაზღაურება იზრდება
1 ივნისიდან, მასწავლებლების საშვებულებო ანაზღაურება იზრდება. კანონში შესატანი ცვლილებები დღეს განათლების კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა.
შესატანი ცვლილებების განმარტებით ბარათში წერია, რომ ცვლილებები განპირობებულია პედაგოგების შრომის ანაზღაურების ზრდით, რის გამოც, გაიზრდება შვებულების ანაზღაურება. ასევე, უნდა შეიცვალოს დაანგარიშების კოეფიციენტი.
საჯარო სკოლის მასწავლებლისათვის, რომელიც 2024 წლის კუთვნილი შვებულებით ისარგებლებენ 2024 წლის 1 ივლისიდან, საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო შრომის ანაზღაურებიდან, თუ მის მიერ მუშაობის დაწყების ან ბოლო შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო შრომის ანაზღაურებიდან (საშვებულებო ანაზღაურების მიზნებისათვის 2024 წლის აპრილის, მაისის და ივნისის თვეების შრომის ანაზღაურება დაანგარიშდეს 2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით მოქმედი ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად).
თუ აღნიშნული წესის შესაბამისად განსაზღვრული საშვებულებო ანაზღაურება ნაკლები იქნა იმ თანხაზე, რომელსაც მასწავლებელი მიიღებდა 2024 წლის 30 ივნისს მდგომარეობით მოქმედი ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად დაანგარიშებული საშვებულებო ანაზღაურებით, მაშინ მასწავლებლის საშვებულებო ანაზღაურება უნდა განისაზღვროს 2024 წლის 30 ივნისს მდგომარეობით მოქმედი ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ შესაბამისად.
ცნობისთვის, ახალი სახელფასო პოლიტიკის თანახმად, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება, აღნიშნული ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატებას გულისხმობს. სწორედ ხელფასის ზრდამ განაპირობა კოეფიციენტის გადახედვის საჭიროება.