გურჯაანის სივრცის დაგეგმარების გეგმისა და ქალაქ გურჯაანის ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმის კონცეფცია დამტკიცდა
დამტკიცდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმისა და ქალაქ გურჯაანის ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმის კონცეფცია.
საპროექტო სამუშაოები კომპანია „სტუდია 21“-მა სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს დაკვეთით შეასრულა. დოკუმენტაცია საჯარო განხილვებისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოების ჩართულობით შემუშავდა.
სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დამტკიცებული დოკუმენტაცია შედგება მოსამზადებელი კვლევების ანალიზისა და შესამუშავებელი გეგმების კონცეფციებისაგან.
,,მათ შორის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფცია მოიცავს: გურჯაანის მუნიციპალიტეტის როლს საქართველოს და რეგიონის განსახლების სისტემაში, დასახლებების იერარქიას და ადმინისტრაციულ სტრუქტურას, ინფრასტრუქტურის და სივრცით-ტერიტორიული განვითარების ძირითად ღერძებს; კონცეფციის სტრუქტურას, მათ შორის სივრცით კატეგორიებს, გეგმარებით არეალებს, აგრარულ კლასტერებს, დარგობრივი რეგლამენტებით განსაზღვრულ მარეგულირებელ არეალებს და სხვა ტერიტორიებს; დარგობრივი მიმართულებების მიხედვით სტრატეგიულ მიზნებს, ამოცანებსა და სამოქმედო გეგმას; შეთავაზებებს სარეზერვო და საწარმოო პოტენციალის მქონე ტერიტორიების, გეგმარებითი არეალების (ალაზნის ველის, გომბორის ქედის, ივრის ზეგანის, სასოფლო აგლომერაციის) განვითარების პირობებისა და მინდორდაცვითი ზოლების აღდგენის შესახებ; გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქარის, მზისა და ჰიდროენერგიის პოტენციალის ანალიზს; სივრცითი და ეკონომიკური განვითარების სინერგიით ქ. გურჯაანის ცენტრისათვის განისაზღვრა ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნა, მათ შორის: ახტალას განვითარება რეკომენდირებულია როგორც სპა და გამაჯანსაღებელი კურორტის მიმართულებით; ინტეგრირებული სივრცეები სავაჭრო ცენტრების, კვების ობიექტების, ღვინის ბირჟისა და განთავსების სექტორის განვითარებისათვის; რეკომენდირებულია ქალაქი გახდეს ფესტივალების მასპინძელი, რომელთა ინტეგრირება მოხდება ღია სივრცეებში. გათვალისწინებულია აღნიშნული მიზიდულობის ცენტრების ერთიანი საფეხმავლო ბილიკით დაკავშირება, როგორც ქალაქის ძირითადი ტურისტული ატრაქცია”,- აცხადებენ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში.