ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის შევიწროების და გადაადგილების შეზღუდვისთვის
ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებისა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისთვის.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
,,კიდევ ერთხელ, უმაღლეს სამართლებრივ დონეზე გამყარდა ის, რომ ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამო ქმედებებზე, რომელიც ე.წ ბორდერიზაციასა და ადამიანის უფლებების განგრძობით, სისტემურ დარღვევაში გამოიხატება, პასუხისმგებელი სწორედ რუსეთია.
ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უფრო მეტად განმტკიცდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი.
მადლობას ვუხდი სახელმწიფო უწყებებს – იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოს გენერალურ პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველას, ვინც ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებაში წვლილი შეიტანა”,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.