დღეს “რუსული კანონის” წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება
დღეს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ თავისუფლების მარში გაიმართება. აქცია რუსთაველის გამზირზე, 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით დაიწყება და პროტესტის მონაწილეების საქართველოს პარლამენტთან გადმოინაცვლებენ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განცხადებით, ეს არის სიმბოლური მარში თავისუფლებისთვის.
„ჩვენი წინაპრები ძალიან დიდი ხანი იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციისთვის. მოვუწოდებ აბსოლუტურად ყველას, მიუხედავად იმისა, თუ რა მოსაზრებები აქვთ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ ევროპა გვაერთიანებს ყველას. ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ეს. მარში დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე და გაგრძელდება რუსთაველის გამზირამდე, პარლამენტის წინ“, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
იურისტ გიორგი მშვენიერაძის თქმით, დღევანდელი დღე იქნება ჩვენება იმისა, თუ როგორ უპირისპირდება ხალხი რუსულ კანონს.
„ეს იქნება ქართველი ხალხის პირველი გზავნილი ხელისუფლებისადმი. სამწუხაროა, რომ 9 აპრილიდან 35 წლის თავზე ქართველ ხალხს კვლავ უწევს ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ. გვიწევს არა იმიტომ, რომ ეს ჩვენი ახირებაა, არამედ იმიტომ, რომ რუსეთი არ წყვეტს მცდელობას, საქართველო იყოს მის მორჩილებაში. რუსული კანონიც და მისი ინიცირებაც ნიშნავს, რომ რუსეთი ცდილობს ქართველმა ხალხმა რუსული წესებით იცხოვროს“, – განაცხადა მშვენიერაძემ.