ახალი ამბებიგზა ევროპისკენ

ფეისბუქმა სამთავრობო დეზინფორმაციული პოსტები დაბლოკა

ცრუ ინფორმაცია დაბლოკილია – ასე გამოიყურება ასობით საჯარო მოხელეს მიერ გაზიარებული სამთავრობო ინფორმაცია ფეისბუქის პროფილებზე. ერთიანი სამთავრობო არხებით გავრცელებული პოსტებით სახელისუფლო უწყებების წარმომადგენლები, რეგიონებში მერები, მოადგილეები, სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელები  მასობრივად ავრცელებენ   განმარტებებს  „რუსული კანონის“  შესახებ, რომ თითქოს კანონი, ევროპულია და რუსულ კანონთან კავშირი არ აქვს. რა ხდება სინამდვილეში და რატომ დაიბლოკა ინფორმაცია?  წაიკითხეთ სტატია აქ: 

რატომ გადაწყვიტა მთავრობამ უკან გაწვეული კანონპროექტის ხელახლა ინიცირება? 

 2024 წლის აპრილში ხელისუფლებამ ხელახლა დააინიციირა რუსული კანონი სამოქალაქო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ.  კანონპროექტი, როგორც თავად მამუკა მდინარაძე ამბობს, ზუსტი ასლია შარშან ინიციირებული ვერსიისა. შეიცვალა მხოლოდ სახელი და ახლა, „აგენტების“ ნაცვლად „უცხოური ძალის ინტერესების გამტარ ორგანიზაციებად“ სურთ სამოქალაქო სექტორისა და მედიაორგანიზაციების მონიშვნა.  ქართული ოცნების თქმით, რუსული კანონის მიღების მიზანი გამჭვირვალობაა. თუმცა, დარეგისტრირებულ კანონს სინამდვილეში არაფერი აქვს საერთო ამ მიზანთან. ამას საქართველოს ყველა სტრატეგიული პარტნიორი და საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა ადასტურებს. მას მხოლოდ სახელი აქვს საერთო იმ კანონებთან, რომლებიც დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედებენ.

სინამდვილეში, ეს კანონი იმიტომ არის რუსული, რომ მისი მიზანი არა ქვეყნის ინტერესების დაცვა, არამედ დამოუკიდებელი მედიისა და ორგანიზაციების შეზღუდვაა.

კანონის მიზნის ამოკითხვა მისივე შინაარსიდან შეიძლება. არსებობს ორი მთავარი ინდიკატორი, რითაც დემოკრატიულ და ავტორიტარულ ქვეყნებში არსებული კანონები ერთმანეთისგან განსხვავდება:

1) კანონის მოქმედება არ უნდა ეხებოდეს მეგობარ ქვეყნებს. კანონს, როგორც წესი, თან ახლავს „არამეგობრული“ ქვეყნების სია, რომლის მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება (მაგ., ბრიტანული კანონი, ან საფრანგეთში შეთავაზებული კანონპროექტი);

2) კანონი უნდა ვრცელდებოდეს მხოლოდ ლობისტურ და არა მედიის ან არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე (მაგ., ამერიკული კანონი, ევროკავშირის კომისიის კანონპროექტი).

დემოკრატიულ ქვეყნებში მოქმედი კანონებისგან განსხვავებით, საქართველოში ინიციირებულ რუსულ კანონს არც ერთი ამ ფილტრთაგანი არ აქვს და ამიტომაც არის რუსული. ის მტრად აცხადებს ჩვენს რეალურ მეგობრებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, ეწინააღმდეგება ევროკავშირის ცხრა ნაბიჯიდან მინიმუმ ორს, ებრძვის და აფერხებს ქართული მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებას. სწორედ ამიტომ აფასებენ გაერო, ეუთო, ევროკავშირი, ნატო, ევროსაბჭო და ყველა ჩვენი მეგობარი ელჩი ამ კანონს ევროკავშირთან შეუთავსებლად.

  1. ამერიკამ FARA 1938 წელს ნაცისტურ პროპაგანდასთან გასამკლავებლად მიიღო. კანონი რეგისტრირებას მხოლოდ პოლიტიკურ ლობისტებსა და უცხოურ პროპაგანდისტულ წყაროებს ავალდებულებს;

  2. ავსტრალიური კანონი ამერიკულს ეყრდნობა და რეგისტრირებას მხოლოდ იმ პირებს სთხოვს, რომლებიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან პოლიტიკური ორგანიზაციის სახელით ლობირებენ;

  3. კანადაში უცხოური გავლენისგან თავდასაცავად კანონის მიღება მხოლოდ მაშინ გახდა საჭირო, რაც არჩევნებში ჩინეთის გავლენები დაიდენტიფიცირდა;

  4. ევროკავშირის კომისიის კანონპროექტი პირდაპირ ეხება რუსულ და ჩინურ ძალებს და არ მოიაზრებს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს, ისევე, როგორც დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში.

მეორე მხრივ, ჩვენ ირგვლივ არსებობს მაგალითები იმისა, რასაც უნდა მოველოდეთ, თუ რუსულ კანონს პარლამენტი მიიღებს:

  1. რუსეთში 2012 წლიდან ეტაპობრივად მძიმდება ამ ტიპის კანონი. შედეგად, დაიხურა არაერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია, ათასობით აქტივისტსა და ჟურნალისტს კი ქვეყნის დატოვება მოუწია. დღესდღეობით რუსეთში ეს კანონი ეხებათ ფიზიკურ პირებსაც და მათ არჩევნებში მონაწილეობასაც ზღუდავს;

  2. ისრაელში, „აგენტების“ ბაზაში 90%-ზე მეტ ხელისუფლების ოპონენტია და ისრაელის მოქალაქე პალესტინელებისა და სხვა არაებრაელი მოქალაქეების უფლებებს იცავს;

  3. ბულგარეთში ინიციირებული ამ ტიპის კანონპროექტი ვრცელდებოდა ისეთ დამოუკიდებელ მედია და უფლებადაცვით ორგანიზაციებზე, რომელთა უცხოური დაფინანსება 500 ევროს აჭარბებდა. კანონი არ იქნა მიღებული.

  4. უნგრეთში ასეთი კანონი სამოქალაქო სექტორის საქმიანობაზე დამაზიანებელი გავლენის გამო დისკრიმინაციულად და გაუმართლებლად იქნა მიჩნეული და 2021 წელს გაუქმდა.

საქართველოში, ისევე როგორც რუსეთში, ეს კანონი დაანგრევს სიტყვისა და გაერთიანების თავისუფლებას. ის შექმნის დასმენების შესაძლებლობას და გააუქმებს პერსონალურ მონაცემებს იმ ადამიანებისთვის, ვისაც უმუშავია, ან სერვისი მიუღია არასამთავრობო ორგანიზაციებში ან მედიაში. სახელმწიფოს შეეძლება ამ ორგანიზაციებიდან ნებისმიერი ინფორმაციის ამოღება, რაც დამოუკიდებელ მედიასთან თანამშრომლობას შეუძლებლად აქცევს. ძალადობის მსხვერპლი ქალები და ბავშვები, შშმ პირები და სხვა დაჩაგრული ადამიანები ვეღარ შეძლებენ სამოქალაქო საზოგადოებისთვის მიმართვას, ან მედიის მეშვეობით საკუთარ პრობლემებზე საუბარს.

სწორედ ამ კატასტროფული შედეგების თავიდან აცილებას გვთხოვენ ჩვენი მეგობრები. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლება ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების ნაცვლად, ამ კანონით გვაშორებს ევროკავშირს და განუზომლად აზიანებს საქართველოს დემოკრატიულ და უსაფრთხო მომავალს.

„ოცნების“ ეს 24 პოლიტიკოსი „უცხოურ ძალასთან“ ან მათი „ინტერესების გამტარებელთან“ მუშაობდა

რადიო „თავისუფლებამ“  საქართველოს მთავრობასა და პარლამენტში იპოვა  32 ისეთი პოლიტიკოსი, რომლებიც მუშაობდნენ ორგანიზაციებში, რომლებიც „ქართული ოცნების“ კანონპროექტით, „უცხოურ ძალად“ ან „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მიიჩნევიან.

 მთავრობის წევრები:

ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ჯამში, 9 წლის განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისათვის:

  • 2000-2001: შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი
  • 2006-2014: გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ექსპერტი და პროექტის მენეჯერი

 

ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი – 4 წელი

  • 2007-2009 – USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის, Ag Vantage-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  • 1999-2001 – მსოფლიო ბანკის საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მართვის დახმარების ცენტრი, (CERMA)-ის მთავარი ბიზნესკონსულტანტი

 

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე – 3 წელი

მართალია, უშუალოდ ფონდებში არ უმუშავია, მაგრამ გერმანიაში სწავლის პერიოდში იყო კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიატი.

მინისტრის მამის, გრიგოლ ბრეგაძის ცნობით, რატი ბრეგაძემ კონრად ადენაუერის სახელობის ფონდის სამწლიანი სტიპენდიის ფარგლებში, ჰამბურგის უნივერსიტეტში წარმატებით დაასრულა დოქტორანტურა.

კანონპროექტი ფიზიკურ პირებს არ ეხება, მაგრამ ის ფონდი, რომლისგანაც მინისტრი ბრეგაძე სტიპენდიას იღებდა, – გერმანული, კონრად ადენაუერის ფონდი – საქართველოში არაერთ პროექტსა და ორგანიზაციას აფინანსებს.

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი – 2 წელი

2016 – 2018 – მოწვეული ექსპერტი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (UNDP, USAID) პროგრამებში.

გადავიდეთ პარლამენტარებზე:

არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე 2007 წელს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველო“ – ჯორჯ სოროსის ფონდის – ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის პროექტის მენეჯერი; იყო, თუმცა ეს ინფორმაცია პარლამენტზე ბიოგრაფიაში აღარაა მითითებული.

2011 წელს ამავე ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით, კოლეგებთან ერთად, მომზადებული აქვს ანგარიში „ჯანდაცვის საჭიროებათა კვლევა არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში“.

  • 2006 – 2007, პროექტის კოორდინატორი, USAID
  • 2011 – 2012, G3, USAID, დირექტორის მოადგილე

 

შალვა პაპუაშვილი

  • 2003 – 2007, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) უფროსი სამართლებრივი ექსპერტი
  • 2007 – 2015, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ჯგუფის ხელმძღვანელი
  • 2017 – 2020, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი
  • 2015 – 2017, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე

 

სოზარ სუბარი

  • 1996 – 2004, რადიო თავისუფლების კორესპონდენტი
  • 2003 – 2004, თავისუფლების ინსტიტუტი, პროექტი „კანონის უზენაესობა“ (პარლამენტზე ბიოგრაფიაში ეს დეტალი მითითებული არ არის)
  • 2004 წელსვე სოზარ სუბარს მილიარდერი ფილანთროპის, ჯორჯ სოროსის დაფუძნებული „ღია საზოგადოების ფონდისგან“ მიღებული აქვს 2220 ლარი გაზეთ “სპექტრის” პროექტ „ჟურნალისტური გამოძიების“ ფარგლებში ტრენერობისათვის.

მაია ბითაძე

  • 2006 – 2011, ეუთოს (ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) პროექტი საქართველოში – „ორჰუსის ცენტრი“, კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში
  • 2004 – 2005, „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების (POPs) შესახებ სტოკჰოლმის კონვენციის შესრულების ეროვნული სამოქმედო გეგმის მომზადება“ (UNDP), იურისტ-ექსპერტი
  • 2003 – 2004, „ბიოუსაფრთხოების ეროვნული სისტემის განვითარების პროექტი“ (UNDP/GEF), იურისტ-ექსპერტი
  • 2001 – 2003, „საქართველოს დაცული ტერიტორიების პროექტი“ (მსოფლიო ბანკი), იურისტ-ექსპერტი
  • 2015 – 2021, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისია, ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრისა და ბიუროს თავმჯდომარე.

 

გივი მიქანაძე

  • 2000 – 2001, გაეროს განვითარების პროექტის, „სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა“, იურიდიული მრჩეველი და ფინანსური მენეჯერი
  • 2004 – 2005, ევროკავშირის პროექტის „სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა“ ნაციონალური ექსპერტი ინფორმაციასა და გადამზადების საკითხებში
  • 2005, ეუთოს პროექტი „ქუთაისის ციხის პერსონალის გადამზადება“, პროექტის დირექტორი
  • 2010 – 2013, ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი, პროექტის ოფიცერი
  • 2009 – 2010, გაეროს განვითარების პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობა“
  • 2015 – 2016, ევროპის საბჭო, პოლიციისა და ციხეების დეპარტამენტი, პროექტის მენეჯერი.
  • 2013 – 2015, ევროპის საბჭოს თბილისის ოფისი, პროექტის უფროსი ოფიცერი.

 

ანრი ოხანაშვილი

  • 2015 – 2017, მთავარი რედაქტორი (Schriftleiter), საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი (IRZ), პროექტის ფარგლებში არსებული „ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალი“ (DGStZ).
  • 2010 – 2010, მეცნიერ-თანამშრომელი, ფოლკსვაგენის ფონდის (VW – Stiftung) მიერ დაფინანსებული გერმანულ-ქართული სამეცნიერო პროექტი სისხლის სამართალში
  • 2008 – 2009, მეცნიერ-თანამშრომელი, ფოლკსვაგენის ფონდის (VW – Stiftung) მიერ დაფინანსებული გერმანულ-ქართული სამეცნიერო პროექტი სისხლის სამართალში

 

ნიკოლოზ სამხარაძე

  • 2005 – 2010, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი, ექსპერტი
  • 2010 – 2016, გაეროს განვითარების პროგრამა, საზღვრის მართვის პროგრამების ხელმძღვანელი

 

ბექა დავითულიანი

  • 2010 – 2012, შპს „მედიაჰაუსი დეკომი“, იურისტ-კონსულტანტი – ეს კომპანია აერთიანებდა ჟურნალ „ლიბერალსა“ და „ცხელ შოკოლადს“, რომლებიც დონორებისგან, მათ შორის „ღია საზოგადოების ფონდისგან“, ფინანსდებოდნენ.
  • 2010 – 2013 ჟურნალი „ლიბერალი“

 

ირაკლი კოვზანაძე

  • 2009 – 2012, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) წარმომადგენელი დირექტორი სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოებში
  • 2008 – 2012, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი (EBRD)
  • 2007 – 2008, ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ბანკების კორპორაციული მართვის კომისიის თავმჯდომარე ევრაზიის ქვეყნებში

 

ხატია წილოსანი

  • 2011 – 2012, საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პარლამენტის კომუნიკაციის ცენტრის პროგრამის ასისტენტი
  • 2011 – 2011, საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საპარლამენტო პროგრამის თანამშრომელი

 

ზაურ დარგალი

ორივე ორგანიზაციას დასავლური ფონდები აფინანსებდნენ.

რატი იონათამიშვილი

2005 – 2014, კოალიციის „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ პოლიტიკური პროექტების დირექტორი.

ამ ორგანიზაციის დონორთა შორის ევროკავშირი და USAID-ია ჩამოთვლილი.

კახა კახიშვილი

2011 – დღემდე არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ სამართლებრივი დირექტორი.

“საზოგადოებრივი დამცველი”, ფეისბუკის თანახმად, არაერთი დონორის დაფინანსებით ახორციელებს პროექტებს: – მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD), ევროკავშირის, „შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის“, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) თუ სხვათა მხარდაჭერით.

ბაია კვიციანი

2018 – 2019, ბრიტანეთის საბჭო (British Council) – „დიდი ბრიტანეთის/საქართველოს სეზონი 2019: ახალი ჰორიზონტი“, ახალგაზრდული ბორდის წევრი

მარიამ ლაშხი

  • 2007, USAID, არქეოლოგიური გათხრები
  • 2012 – 2014, მსოფლიო ბანკი

გურამ მაჭარაშვილი

1994 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი იყო

გოგი მეშველიანი

2005 – 2014, გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატისა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ერთობლივი კოორდინატორი

იმედა ნიკურაძე

2011 – 2012, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტი „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის“, იურისტი

ეკა სეფაშვილი

1997 – 1998, გაეროს განვითარების პროგრამისა და საქართველოს ერთობლივი პროექტი „ქალები განვითარების პროცესში“

ლევან ქარუმიძე

2011 – 2012, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პროგრამის კოორდინატორი

თენგიზ შარმანაშვილი

2006 – 2009, UNDP-ის პროექტის ექსპერტი

„აგენტების კანონი“ იგივე შინაარსით ბრუნდება

„ქართულმა ოცნებამ“ 3 აპრილს გამოაცხადა, რომ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. ამ კანონის მიღების მცდელობამ 2023 წლის მარტში მასობრივი საპროტესტო აქციები გამოიწვია. საბოლოოდ, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია. კანონპროექტს შარშანდელი ვარიანტისგან მხოლოდ ის განასხვავებს, რომ ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებულია ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. საქართველოს დასავლელი პარტნიორები – შეერთებული შტატები, ნატო, ევროკავშირი, ასევე ევროპის არაერთი ქვეყანა, – პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს ეს კანონი. ევროკავშირი იხსენებს მთავრობისა და მმართველი გუნდის მაშინდელ დაპირებას, რომ მსგავს კანონს არ მიიღებდნენ, და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივა, დააბრუნოს იგი, „სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“.

მოუწოდებენ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ გაიწვიოს კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებიდან

თორმეტი ევროპული სახელმწიფოს პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა 5 აპრილს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც „უცხოელი აგენტების შესახებ ე.წ. რუსული კანონის“ ხელახალი ინიცირების გამო „ღრმა შეშფოთებას“ გამოხატავენ. მათ განაცხადეს, რომ ეს არის „მტრული ნაბიჯი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და მათი მომავლის წინააღმდეგ“ და ხელისუფლებას მისი საპარლამენტო დღის წესრიგიდან მოხსნისკენ მოუწოდეს.

თავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ კანონპროექტის მიზანი „საქართველოს აქტიური პროევროპული სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის სტიგმატიზაცია და შესუსტებაა“. მათი თქმით, ეს „ძირს უთხრის საქართველოს მიერ რთულად მოპოვებულ ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსს“, რადგან დამოუკიდებელი ასოციაციებისა და მედიისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა „დემოკრატიის საფუძველია და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებისთვის“.

თავმჯდომარეები ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი იმ პირობით მიენიჭა, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 ნაბიჯს განახორციელებდა. მათივე თქმით, დღემდე მხოლოდ სამი ნაბიჯი განხორციელდა. ისინი ასევე ახსენებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ დარჩენილი პირობები მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებას და ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას.

თავმჯდომარეები „მოუწოდებენ მმართველ პარტიას „ქართულ ოცნებას“ გაიწვიოს კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებიდან“ და კიდევ ერთხელ გამოხატავენ მხარდაჭერას ევროკავშირში საქართველოს მისწრაფებების მიმართ. განცხადებაში ნათქვამია: „ვიმედოვნებთ, საქართველო დაიცავს თავის ვალდებულებას დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობისადმი“ და „ასევე გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ გამოავლენს სიმწიფესა და მონდომებას ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციისთვის, რა დროსაც დასავლური ლიბერალური დემოკრატიის ღირებულებებით იხელმძღვანელებს. ქართველი ხალხის მომავალი სასწორზეა“.

ერთობლივ განცხადებას ხელი მოაწერეს ჩეხეთის რესპუბლიკის, დანიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, პოლონეთის და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა.