Beetkar -ახმეტელი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ფუტკრის დაავადებების აღმომჩენი თანამედროვე ტექნოლოგია
ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, ალექსანდრე გაგანაშვილმა, გარი ქინქლაძემ, გიორგი ომარაშვილმა და ნიკოლოზ ალბუთაშვილმა, ფუტკრის დაავადებების აღმომჩენი თანამედროვე ტექნოლოგია შექმნეს.
იდეის ავტორების თქმით, სტარტაპი ,,Beetkar’’ მეფუტკრეს დაეხმარება ფუტკრის ტკიპების და დაავადებების გამოვლენასა და დიაგნოსტიკაში, ინოვაციური ტექნოლოგიით. იდეის ერთ-ერთი ავტორი ალექსანდრე გაგანაშვილი აცხადებს, რომ მეფუტკრეები რიგი პრობლემების წინაშე დგანან და სწორედ მათი შრომის შესამსუბუქებლად შექმნეს აღნიშნული მოწყობილობა.
მისი განმარტებით, მოწყობილობა აანალიზებს ფუტკრის გარემოს, სკას და უზრუნველყოფს მეფუტკრისთვის ინფორმაციის მიწოდებას.
,,სტარტაპი მეფუტკრეს ეხმარება ფუტკრის დაავადებების გამოვლენასა და დიაგნოსტიკაში. იდეა წარმოიშვა ჩვენს რეგიონში მცხოვრები მეფუტკრეების წინაშე მდგარი გამოწვევებიდან. ჩვენი პაპა-ბებიები და მათი წინაპრები მისდევდნენ და ინარჩუნებდნენ ამ ტრადიციას და მეფუტკრეობას, როგორც კულტურის ნაწილს, თუმცა ჩვენ მას აღარ მივდევთ, მთელი რიგი პრობლემების გამო. გარდა ამისა, მეფუტკრეობაში, ტრადიციული მეთოდები მოითხოვს საკების ინვაზიურ ინსპექტირებას, რაც ართულებს ფუტკრის დაავადებების ადრეულ გამოვლენას.
შედეგად, მეფუტკრეები ყოველწლიურად ზარალდებიან და ეხოცებათ ფუტკარი. ეს არა მხოლოდ იწვევს მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს მეფუტკრეებისთვის, არამედ აზიანებს ქვეყნის მეფუტკრეობის ეკოსისტემას. ჩვენმა გუნდმა, რომელიც შედგება ტექნოლოგიების ცოდნის მქონე ოთხი პირისგან, რომლებსაც აქვთ მეფუტკრეობის სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება, გააცნობიერა ამ საკითხების გადაჭრის გადაუდებელი აუცილებლობა და დაიწყო პრობლემის გადაჭრის გზის ძიება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენ შევიმუშავეთ უახლესი მოწყობილობა, რომელიც აღჭურვილია მოწინავე ტექნოლოგიით და სენსორებით. ის აანალიზებს ფუტკრის გარემოს, სკას და უზრუნველყოფს მეფუტკრისთვის ინფორმაციის მიწოდებას ტემპერატურის, ტენიანობის, პროპანის შემცველობის, წნევისა და ვიბრაციის შესახებ’’,- აცხადებს Knews.ge-სთან საუბრისას ალექსანდრე გაგანაშვილი.
მისი განმარტებით, მეფუტკრეებს სკებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სპეციალური ონლაინ პლატფორმის საშუალებით მიეწოდებათ.
,,არსებული მდგომარეობა და მონაცემები მიეწოდება მეფუტკრეს ონლაინ პლატფორმის საშუალებით. ამავდროულად, ინფრაწითელი ტექნოლოგიის გამოყენებით, შესაძლებელია ინფრაწითელი სპექტრის ქვეშ გარჩევა, ტკიპის (ვარვის), ფუტკრისა და სხვა დაავადებების. ასევე ჩართულია ინფრაწითელი სენსორი, რომელიც აკონტროლებს ფუტკრების რაოდენობას, რომლებიც შედიან და გამოდიან სკაში, ანუ ახდენს ფუტკრის მონიტორინგს. ეს არის საკმაოდ იაფი ტექნოლოგია. გარდა ამისა, მეფუტკრეს საშუალება ექნება აირჩიოს სწორი პრეპარატი პრევენციისთვის. ეს საშუალებას იძლევა მოხდეს დროული ჩარევები და არ მოხდეს ფუტკრის კოლონიების დაკარგვა’’,- აღნიშნავს ალექსანდრე გაგანაშვილი.
გარდა ამისა, ახალგაზრდებმა ტექნოპარკში, Hardware StartUP ინკუბატორი 2.0 – Demo პროექტის ფარგლებში, ფინალში გადასვლის შემდეგ, საკუთარი იდეა და პროტოტიპი ჟიურის წინაშე წარადგინეს და პროტოტიპის გასავითარებლად GITA – ს დაფინანსება მოიპოვეს. მათ მეორე ადგილი დაიკავეს და 10 000 ლარის ოდენობით დაფინანსებაც მოიპოვეს. ახალგაზრდების თქმით, ისინი პირველი პროდუქტის შემნას B2B (ბი თუ ბი) გაყიდვებით გეგმავენ.
,,ბაზარზე გასვლის სტრატეგიას და მონეტიზაციას რაც შეეხება, პირველი პროდუქტის შემნას ვფიქრობთ B2B (ბი თუ ბი) გაყიდვებით, იქიდან გამომდინარე რომ ჯერ ახლად მზარდი სტარტაპი ვართ, რთულია პირდაპირ ბაზარზე გასვლა. ვფიქრობთ, ფართო აუდიტორიაზე სხვადასხვა ორგანიზაციების და ბიზნესების დახმარებით გავალთ, როგორიცა საქართველოს მეფუტკრეთა ასოციაცია, სხვადასხვა მცირე მეფუტკრეთა ორგანიზაციები და ამავდროულად ,,ელკანა’’, რომელიც უკვე ჩვენი პირველი პარტნიორი გახდა ამ სფეროში.
სამომავლოდ, მსოფლიო ბაზარზე გასვლის სტრატეგიას რაც შეეხება, ვაპირებთ 2025 წელს ჩვენი პროდუქტის პრეზენტირება მოვახდინოთ სკანდინავიაში, მსოფლიო მეფუტკრეობის კონგრესზე. გვაქვს ასევე აქტიური Facebook გვერდი და ვებ-გვერდი, რომელთა დახმარებითაც სამიზნე აუდიტორიას ვაწვდით ინფორმაციას. ამჟამად ტესტირების ფაზაში ვართ, მზად ვართ დავხვეწოთ ჩვენი ტექნოლოგია, რათა ვუზრუნველვყოთ მისი ეფექტურობა და საიმედოობა’’,– აცხადებს ალექსანდრე გაგანაშვილი.