ახალი ამბები

შენაქო-დიკლოს დამაკავშირებელი ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია

თუშეთში, სოფლების ომალოსა და შენაქო – დიკლოს დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია და საჭიროებს გადაუდებელ კაპიტალურ შეკეთებას.

სოფელ შენაქოში მცხოვრებმა მარიამ ფირაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტომასალა, სადაც ჩანს დაზიანებული ხიდი. ომალოდან შენაქოსკენ მიმავალ გზაზე ეს არის ერთადერთი ხიდი, რომელიც ამ სოფლებს აკავშირებს. ხიდზე არსებული ფიცრები, სიძველის გამო, დაზიანებულია და ზოგან ჩამტვრეული. ხიდი თითქმის 7 წელია ასეთ მდგომარეობაშია.


მარიამ ფირაშვილის ფოტო

,,ამ ხიდს როდის გააკეთებთ? 17-ში უნდა დაგეწყოთ დროებითი გამაგრებითი სამუშაოები და როდის დაიწყებთ? ვინმეს ამ ხიდზე გადასვლისას რამე რომ დაემართოს სად მიდიხართ? ვინც არ იცით, შემდეგ კვირაში დღეობები იწყება და ხომ წარმოგიდგენიათ რამდენი ხალხი ივლის ამ გზაზე? დღეობაში 200 კაცზე იშლება სუფრა. ჩვენი ოჯახია შულტა (დღეობის მასპინძელი) და მამაჩემს ამ დღეობების გამო დატვირთულს უწევს რამოდენიმეჯერ ამ ხიდზე გადავლა. ტონა პროდუქტი რომ გიდევს მანქანაში, პლუს ნათესავები მოგყავს და ხარ დატვირთული ერთი სიტყვით, რამდენად საშიშია ხომ ხვდებით აქ გადავლა?
ამასთანავე დღეობებზე ასობით ადამიანი ამოდის შენაქოში ავტომობილით და ხომ წარმოგიდგენიათ მაგ ხიდს რამხელა ტვირთი დაადგება? ალტერნატივაც არ გვაქვს სადმე სხვაგან გავიაროთ, არ არსებობს სხვა ხიდი. რომ ჩატყდეს ვთქვათ თავისით, ასობით ადამიანი ცივილიზაციას მოწყვეტილი რჩება. ჩვენი სოფლის შემდეგ არის სოფელი დიკლო და ის ხალხიც მაგ ხიდით სარგებლობს. ხომ აღარაფერს ვამბობ ჩავარდნილ ტურისტულ სეზონზე, ტურისტები მაგ ხიდს რომ ხედავენ უკან ბრუნდებიან და არ რისკავენ ხოლმე მანდ გადმოსვლას. ტენდერის გამოცხადება და ისე მაგ ხიდის გაკეთება არ არის სწრაფი გამოსავალი, ეგ არის დროში გაწელილი პროცესი. ამ ხიდს სჭირდება სასწრაფო გამაგრება. გააკეთეთ, გაამაგრეთ დროებით მაინც, რომ ამ დღეობებს და სეზონს გაუძლოს!”
– წერს სოციალურ ქსელში მარიამ ფირაშვილი.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ რომ ხიდის კაპიტალური შეკეთებისთვის მერიამ უკვე გამოაცხადა საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე ტენდერი და ხიდის კაპიტალური შეკეთებისათვის გამოყო შესაბამისი ფინანსური რესურსი.

ასეთი იქნება ომალოსა და შენაქო – დიკლოს დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი:


ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ფოტო