ლევან დავითაშვილი: უმუშევრობა და სიღარიბე ჩვენთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება
გასულ წელს უმუშევრობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, მაგრამ ამის მიუხედავად, უმუშევრობა და სიღარიბე ჩვენთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის მოხსენებაშია აღნიშნული.
მისივე შეფასებით, ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიზანს დასაქმების ხელშეწყობა, შედეგად კი სიღარიბის შემცირება და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება წარმოადგენს. მინისტრის თქმით, ეს კომპლექსური სამუშაოა, რომელიც გულისხმობს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებას, სტრუქტურული რეფორმების გატარებას, საექსპორტო პოტენციალის გაფართოებასა და ვაჭრობის ხარისხობრივ გაუმჯობესებას.
მანვე აღნიშნა, რომ მთავრობის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და საბაზისო სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. ასევე – რომ მოხდეს ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული რეფორმებისა და სოციალური დაცვის მექანიზმების გაძლიერება მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების პარალელურად.
“ინფლაციის დონე – 2023 წლის აპრილიდან მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება, ხოლო 2023 წლის საშუალო წლიურმა ინფლაციამ 2.5% შეადგინა. ამასთან, ბოლო 9 თვის განმავლობაში ინფლაციის დონე 1 %-ზე ნაკლებს შეადგენს. 2023 წელს საქართველოში ინფლაცია ნაკლები იყო როგორც კანდიდატი ქვეყნების, ასევე ევროზონის საშუალო ინფლაციაზე. 2024 წლის იანვარ-თებერვალშიც საქართველოში ინფლაციის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
2023 წელს საქართველოში სურსათის ფასების ზრდის ტემპი, ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად შემცირდა, ხოლო ოქტომბრიდან ფასების კლება ფიქსირდება. ასევე ფასების წინა წელს ფასების შემცირება დაფიქსირდა მედიკამენტებზე. სურსათსა და მედიკამენტებზე ფასების კლება ყველაზე დიდ შეღავათს სწორედ მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფებისთვის წარმოადგენს.
უმუშევრობის დონე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია – 2023 წელს ის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, ასევე დაფიქსირდა დასაქმების რეკორდული მაჩვენებელი. 2023 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 51 ათასით გაიზარდა და მილიონ 335 ათასი შეადგინა. მათ შორის აღსანიშნავია, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 50 ათასით, რაც პროდუქტიულ დასაქმებაზე მეტყველებს. ამასთან, უმუშევრობის დონე 2023 წელს 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.4%-ს გაუტოლდა. აღსანიშნავია, რომ დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის და სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის ზრდის პარალელურად, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ჯანსაღ ტენდენციებსა და სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს. სარეიტინგო სააგენტოები აღნიშნავენ, რომ საქართველომ, გეოპოლიტიკური შოკების მიუხედავად, შეძლო და შეინარჩუნა მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და ეკონომიკური მდგრადობა.
პოზიტიურ ტენდენციებს ხელი შეუწყო გონივრულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, რეფორმების განგრძობადობამ და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისკენ მიმართულმა მთელმა რიგმა ღონისძიებებმა. უნდა აღინიშნოს, რომ რთულ პერიოდებშიც: პანდემიის და შემდგომ უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში საქართველომ ინტენსიურად გააგრძელა რეფორმების განხორციელების პროცესი. ამავე დროს, ქვეყანა ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და მცირდება საგარეო მოწყვლადობა.
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის შესაძლებლობებისა და შეფარდებითი უპირატესობების ეფექტიანი გამოყენება, რომელიც თავის მხრივ მოიცავს: ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობას, ქვეყნის ეკონომიკური ფუნქციების დივერსიფიკაციას, და, რაც მთავარია, ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანია ევროკავშირთან დაკავშირებადობის ზრდა ეკონომიკის ყველა სფეროში, იქნება ეს – ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ინფორმაცია და კომუნიკაციები თუ ტურიზმი. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ევროკავშირთან საერთო სახმელეთო საზღვრის არქონის მიუხედავად, ეკონომიკური კავშირების კუთხით სრულად ვიყოთ მასთან ინტეგრირებული. ამ ეტაპზე კი შეგვიძლია იმის თქმა, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებით საქართველომ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით”, – აღნიშნულია მოხსენებაში.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს მოუსმენენ. მინისტრის საათის ფორმატში წარსადგენი მოხსენება პარლამენტის საიტზე უკვე ატვირთულია.