20-ათასზე მეტი მოქალაქე მაისიდან მომატებულ კომპენსაციას მიიღებს – ვის შეეხება ცვლილება
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. მისი თქმით, 2006 წლის შემდეგ პირველად იზრდება კომპენსაციის ზედა ჭერი 1000 ლარამდე, მარჩენალდაკარგულებისთვის კი ეს თანხა 1200 ლარია.
როგორც დარახველიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ განხილვების შედეგად კანონპროექტში გაჩნდა ჩანაწერი კომპენსაციის ზედა ჭერის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრის შესახებ – რამდენითაც გაიზრდება საბაზისო პენსია, იმდენით გაიზრდება როგორც 1000-ლარიანი, ასევე 1200-ლარიანი ჭერიც.
პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტი ეხება არამხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ყოფილ მოსამართლეებსა და პროკურორებს, პარლამენტის ყოფილ წევრებს, პარლამენტის აპარატის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ დიპლომატებს, სამოქალაქო ავიაციის ყოფილ თანამშრომლებს, ყოფილ გენერალურ აუდიტორს და მის მოადგილეს.
„მნიშვნელოვანია, რომ მეხანძრე-მაშველებს სტაჟში ჩაეთვლებათ გამოტოვებული 2005-2015 წლების პერიოდი, სამსახურის სტატუსისა და სახელწოდების მიუხედავად. ეს შეეხება როგორც სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ მეხანძრე-მაშველებს, ასევე მოქმედ თანამშრომლებს, რაც გაზრდის მათ ანაზღაურებას. ამ საკანონმდებლო ცვლილებების ბიუჯეტი დაახლოებით 45 მილიონი ლარია. კანონი 1 მაისიდან შევა ძალაში და კომპენსაციის მიმღები პირები უკვე 2 მაისიდან გაზრდილ კომპენსაციას აიღებენ“, – აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა ამისა, ცვლილებები შედის „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ და „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონებში, რომლებსაც კომიტეტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.