სოფელ შილდაში წარმოებული ღვინო 27 ქვეყანაში იყიდება
ყვარელის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში,”მეღვინეობა ჩელთის” მიერ წარმოებული ღვინო, 27 ქვეყანაში იყიდება.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ღვინო HORECA სექტორში – რესტორნებსა და სასტუმროებში იყიდება.
“სიახლე გვაქვს გერმანიის და ჩინეთის ბაზარზე, სადაც ახალი ხელშეკრულებები გავაფორმეთ. ამას გარდა აპრილში ამერიკაში მივდივართ. ბოსტონში გვაქვს პრეზენტაციები და დეგუსტაციები. მასაჩუსეტსის შტატში გავაფორმეთ ერთ-ერთ დიდ სადისტრიბუციო კომპანიასთან ხელშეკრულება და დანიშნული გვაქვს ქართული ღვინის კლასები სხვადასხვა ექსპერტისთვის. ვაპირებთ ნიუ-იორკის და კალიფორნიის შტატში გავზარდოთ გაყიდვები.
ცოტა ხნის წინ დავბრუნდით გერმანიიდან, სადაც გაიმართა გამოფენა და ჩვენ ჯამში 8 ჯილდო მივიღეთ, მათ შორის, 6 ოქროს მედალი და 2 ვერცხლი. გერმანიაში 2 ძალიან მნიშვნელოვან ალკოჰოლური სასმელების მაღაზიათა ქსელში შევედით”, – განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ მირიანაშვილმა.
კომპანია “ჩელთი” ყვარელში, სოფელ შილდაში მდებარეობს. 80 ჰექტარზე “მეღვინეობა ჩელთის“ ვენახი, ხეხილის ბაღები, ტრადიციული მარნები, ბოთლების საძველე და ტურისტული კომპლექსია გაშენებული.
ღვინის ქარხანა წელიწადში ნახევარ მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს.15 სახეობის ღვინოს შორის ისეთ უძველეს ჯიშებსაც შეხვდებით, როგორიცაა ხიხვი და ქისი. ბიზნესი საოჯახოა და მისი დამფუძნებელი გიგა მირიანაშვილია.