ავტოიმპორტიორთა ასოციაცია- ქვეყანაში 700 ათასზე მეტი ავტომობილი სასწრაფოდ შესაცვლელია
ქვეყანაში 700 ათასზე მეტი ავტომობილი სასწრაფოდ შესაცვლელია. საქართველოში არსებული მანქანების 80% – 10 წელზე მეტი ასაკისაა, – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ალექსი ნონიაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მოძველებული ავტომობილების ნაწილი ტექინსპექტირებას ვერ გადის, ნაწილი კი ამას სხვისგან ნათხოვარი ავტონაწილებით ახერხებს.
დარგის ექსპერტების თქმით, ქვეყანაში ავტოპარკს ყოველწლიურად 100 ათასი ავტომობილი ემატება, თუმცა, მათი უმეტესობა ძველია. აქედან გამომდინარე, ავტოპარკის განახლების პროცესი სხვადასხვა პროგრამებით უნდა წახალისდეს და დაჩქარდეს, რადგან ამ ტემპებით, ავტოპარკის განახლებას ქვეყანა სულ მცირე 7-8 წელი ვერ შეძლებს.
თავად, ავტოიმპორტიორ კომპანიებში კი ამბობენ, რომ 1-ელი იანვრიდან ძალაში შესული დადგენილება, რომლის მიხედვითაც საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდა, ავტოპარკის განახლების პროცესს დააჩქარებს. გარდა ამისა, ისინი ამბობენ, რომ ამ კანონამდეც, იმპორტის კუთხით ისედაც ახალი ავტომობილების ჩამოყვანაზე მუშაობდნენ, რადგან მომხმარებლის მხრიდან დაკვეთა სწორედ ასეთ ავტომობილებზეა.
რაც შეეხება ზოგად ვითარებას საავტომობილო ბიზნესში, ავტოდილერები კვლავ საავტომობილი პროფიციტზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ ბაზარი ამ დრომდე გაჯერებულია ავტომობილებით, რის გამოც იმპორტის მაჩვენებლებში კლება ფიქსირდება. კერძოდ, 2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 258 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილები შეიძინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 36%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ინფორმაციით, 2023 წელს ბაზარზე დიდი რაოდენობით მანქანები შემოვიდა, კერძოდ 58 ათასი ერთეულით მეტი, რომელთა რეალიზაციაც სრულად ვერ მოხერხდა, ამიტომ, ავტოდილერები მიხვდნენ, რომ მეტი მანქანა აღარ უნდა შემოეყვანათ.
რაც შეეხება ფასებს, ავტოიმპორტიორების ინფორმაციით, ამ ეტაპზე მანქანები შედარებით გაიაფებულია, თუმცა, როგორც კი ბაზარზე დაგროვილი ჭარბი მანქანები ამოიწურება და განახლდება აქტიური იმპორტი, ავტომობილები კვლავ გაძვირდება. ამაზე იმოქმედებს ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილები ვეღარ შემოდის.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ამჟამად, საქართველოს ავტოპარკში მილიონ ნახევარზე მეტი ავტომობილია, აქედან 41 პროცენტი ბენზინის ძრავზე მომუშავეა, დიზელზე თითქმის 20 %, ბუნებრივ აირზე – 10 პროცენტამდე, ჰიბრიდულ ძრავზე კი – თითქმის 8%. რაც შეეხება ფერებს, ქართულ ავტოპარკში რუხი ფერის ავტომობილები ჭარბობს, მეორე ადგილზე – თეთრი ფერია, მესამეზე კი – შავი.