ახალი ამბები

რა ისტორიას ინახავს სოფელ ძირკოკში აღმოჩენილი უძველესი სამარხები და ნამოსახლარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ძირკოკი მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 450 მეტრზე, გურჯაანიდან 4 კილომეტრზე.

სოფელში მდებარეობს მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლები, მათ შორის იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია და მთავარანგელოზთა ეკლესია. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სამსახურის სპეციალისტის, თამაზ მარკოზაშვილის თქმით, გასულ წლებში, სოფელში რამდენიმე არქეოლოგიური აღმოჩენა მოხდა, რომელიც მნიშვნელოვანია.

,,2020 წელს, სოფელ ძირკოკში VI-VII საუკუნეების ქვისსამარხი აღმოჩნდა. სამარხი შეისწავლეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგებმა. სამარხში აღმოჩნდა, ორი ზრდასრული ადამიანის (ქალის და კაცის) ჩონჩხი, რომელთაც ხელზე ეკეთათ ბრინჯაოს ბეჭდები. არქეოლოგიური მასალა გადაეცა, გურჯაანის ფონდსაცავს.
გასულ წელს ასევე სოფლის თავში, წყლის რეზერვუარის მშენებლობის დროს აღმოჩნდა ანტიკური ხანის ნამოსახლარი და სამარხები, რომელიც მოინახულეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა. ეს აღმოჩენები მეტყველებს იმაზე, რომ სოფელი ძირკოკის ტერიტორიაზე მოსახლეობა უძველესი დროიდან დასახლებულა”,-
აცხადებს თამაზ მარკოზაშვილი.

ასევე გასულ წელს, სოფელ ძირკოკში, წყლის რეზერვუარის მოწყობის სამუშაოების დროს აღმოჩენილი იქნა დიდი ზომის რიყის ქვა, ზედ ამოკაწრული იეროგლიფით და ანტიკური ხანის ქვევრის ძირი. აღმოჩენილი იქნა აგრეთვე, ქვითკირის კედლის ფრაგმენტები.