რა უნდა იცოდეთ ლაგოდეხის შესახებ
ლაგოდეხი კახეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. იგი უძველესი ისტორიის მქონე ტერიტორიაზე აღმოცენდა, რომელიც ჯერ კავკასიის ალბანეთის შემადგენლობაში შედიოდა, შემდეგ ჰერეთის ადრეფეოდალური ხანის ქართულ სახელმწიფოებრივ ერთეულში, შემდეგ კი დამოუკიდებელ ფეოდალურ სამთავროდ ჩამოყალიბდა.
მოგვიანებით იგი რანთა და კახთა სამეფოს შემადგენლობაში იყო, ხოლო შემდეგ კახეთის სამეფოსთან ერთად ერთიანი ფეოდალური საქართველოს ნაწილი გახდა. ლაგოდეხი წყაროებში ცნობილია აგრეთვე ლაგოეთის, ლაკუათის და ლაკუასტის სახელწოდებით. იგი წყაროებში პირველად VIII ს-ში იხსენიება. რაიონის წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, კერძოდ: მეთამბაქოეობა, მარცვლოვანი და ეთერზეთოვანი კულტურების წარმოება, მევენახეობა, მეხილეობა, მებაღჩეობა, მებოსტნეობა, მეცხოველეობა. ლაგოდეხის ტერიტორიაზე გადის ლაგოდეხი-ზაქათალის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა.
იგი ასევე გამოირჩევა ბუნების სილამაზითა და მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლებით. რაიონის ტერიტორიაზეა ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი, რომელიც მდიდარია ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით, ჩანჩქერებით, ულამაზესი ტბებითა და საოცარი ხედებით. ლაგოდეხში მრავალ მხატვრული და ისტორიული კუთხით საინტერესო ტაძარსა და ციხე-სიმაგრეს ვხვდებით. ეს რაიონი თავისი ბუნებრივი თუ კულტურული რესურსებით უამრავ ტურისტს იზიდავს.
რა უნდა ნახოთ ლაგოდეხში:
ლაგოდეხი ულამაზესი ბუნებითა და ისტორიულ-კულტურული ძეგლებით მდიდარი რაიონია. აქ ნახავთ ციხე-სიმაგრეებსა და შუასაუკუნეების, გამორჩეული მხატვრობის მქონე ტაძრებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია სოფ.ლელიანის წმ.თეოდორე ტირონის ეკლესია, ხოშატიანის ღვთისმშობელი, მაჭის ციხე და სხვა. ძალიან საინტერესოა ლაგოდეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც დაცულია ძვ. წ. IV ათასწლეულიდან გვიან ფეოდალურ ხანამდე პერიოდის მასალა. აქ წარმოდგენილია ქვის, ბრინჯაოს, თიხის სხვადასხვა დანიშნულების ნივთები, სამკაული, სამუშაო იარაღი, ნუმიზმატიკა და მცირე რაოდენობით მხარის ეთნოგრაფიული და ფოტომასალა. რაიონის მთავარი სიმდიდრე ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალია, რომელიც ფლორისა და ფაუნის დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ფოთლოვანი ტყეები, ჩანჩქერები, ალპური მდელოები, გაშლილი სივრცეები, ხედები, ალპური ტბები შთამბეჭდავ სანახაობას ქმნის და უამრავ შესანიშნავ ადგილს გვთავაზობს, როგორც სეირნობისა და ბუნებაში განტვირთვისთვის, ასევე ლაშქრობისთვისაც. განსაკუთრებით პოპულარული სალაშქრო მარშრუტებია ნინოსხევისა და როჭოს ჩანჩქერები და რა თქმა უნდა შავი კლდეების ტბა. ლაგოდეხის სალაშქრო ბილიკები გამოირჩევა მრავალფეროვნებით და თუ გაგიმართლებთ, შესაძლოა იშვიათ ცხოველებსა და ფრინველებსაც კი გადაეყაროთ. ლაგოდეხი ცნობილია სამკურნალო თვისებების მქონე გოგირდიანი მინერალური წყლებითაც. ამ რაიონში მოგზაურობა სიახლეებს, ზღვა შთაბეჭდილებებსა და დაუვიწყარ თავგადასავლებს გპირდებათ.