ახალი ამბები

როგორ დაკომპლექტდება ცესკო – რას არ უჭერს პრეზიდენტი მხარს საარჩევნო კოდექსის სადავო პროექტზე

საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსში სადავო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს ჩაგდებას.

პრეზიდენტის ხედვით, ცესკოს თავმჯდომარე და ე.წ. პროფესიული წევრები პარლამენტში შემავალ პარტიებს შორის კონსენსუსის საფუძველზე უნდა აირჩეს.

„პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ყველა იმ კანონზე, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგ, ის გამოიყენებდა ვეტოს უფლებას. ეს არის მეხუთე ვეტო. ყველა ვეტო იყო იქითკენ მიმართული, რომ საქართველოს კანონმდებლობა მოსულიყო ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში და არ ყოფილიყო კითხვები და ეჭვები“, – თქვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ. სწორედ ის აცნობდა დეპუტატებს პრეზიდენტის შენიშვნებს, რომლებიც გახდა კანონპროექტზე ვეტოს დადების საფუძველი.

რას არ უჭერს პრეზიდენტი მხარს?

2024 წლის 20 თებერვალს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები. დოკუმენტის მიხედვით, შეიცვლება ცესკოს თავმჯდომარის, ე.წ. პროფესიული ნიშნით შერჩეული წევრების დანიშვნის წესი და გაუქმდება ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების 5-წლიანი ვადით ასარჩევად აუცილებელია პარლამენტის 100 დეპუტატის (ორი/მესამედის) თანხმობა. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ხმების საჭირო რაოდენობას ვერ აგროვებს, ტარდება განმეორებით კენჭისყრა – ამ შემთხვევაში 76 დეპუტატის (ნახევარზე მეტის) მხარდაჭერა საკმარისია კანდიდატის 6 თვით ასარჩევად.
საპარლამენტო უმრავლესობის შემუშავებული კანონპროექტით, პირველივე კენჭისყრაზე კანდიდატების შესარჩევად საკმარისია 90 დეპუტატის (სრული შემადგენლობის სამი/მეხუთედის) მხარდაჭერა. თუ კანდიდატს ვერ აირჩევენ, ამ შემთხვევაში საკმარისი იქნება 76 დეპუტატის ხმა. მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავებით, დეპუტატების ნახევარზე მეტი კანდიდატს არა 6 თვით, არამედ 5 წლით ირჩევს.
პრეზიდენტს ამ საკითხზე აქვს კომპრომისული შეთავაზება. კანდიდატების პირველივე კენჭისყრაზე ასარჩევად საჭირო იყო 90 დეპუტატის მხარდაჭერა. იმ შემთხვევაში, თუ განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება გახდება აუცილებელი, 76-მა დეპუტატმა კანდიდატი დანიშნოს 6 თვის ვადით.

კანდიდატების შესარჩევ კონკურსს აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კომისიის მიერ შერჩეულ რამდენიმე კანდიდატს წარუდგენს პარლამენტს. კანონპროექტის მიხედვით, კონკურსის გამოცხადებისა და კანდიდატების წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარის ხელში გადადის. პრეზიდენტი ითხოვს, არ შეიცვალოს მისი როლი ცესკოს წევრების არჩევის პროცესში.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტით, უქმდება ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა. პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, ამ მოადგილის უფლებამოსილებების შემცირება – მას თავმჯდომარის შეცვლა შეეძლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ იმუშავებს არც თავმჯდომარე და არც მისი სხვა რომელიმე მოადგილე.
თუკი კანონპროექტის მისაღებად საკმარისია პლენარულ სხდომაზე მყოფი დეპუტატების ნახევარზე მეტის მხარდაჭერა, ვეტოს დასაძლევად პარლამენტის დეპუტატთა ნახევარზე მეტის ხმაა (76 ხმა) საჭირო. საპარლამენტო უმრავლესობას საკმარისი ხმების რაოდენობა აქვს, შესაბამისად ამ ვეტოს დაძლევა “ქართულ ოცნებას” არ გაურთულდება.