ზაფხულიდან მანქანის ფასები გაიზრდება
„მანქანის ფასები ზაფხულიდან გაიზრდება, თუ ადრე ერთი ნაწილის შეღებვა 70 ლარი ღირდა, ახლა 200 ლარი ღირს“ – ამბობს ავტოიმპორტიორი კომპანია Dove Line-ის წარმომადგენელი ჯაბა გოგინაშვილი.
რუსთავის ავტობაზრობაზე არსებული მდგომარეობის და ბაზრის ტენდენციების შესახებ ჯაბა გოგინაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში ამბობს, რომ მიმდინარე თვეები მეტად არასტაბილურია როგორც ფასების, ისე მომხმარებლის კუთხით, მაგრამ გაზაფხულის დადგომასთან ერთად, სიტუაცია გაუმჯობესდება და ზაფხულიდან ფასი სტაბილურად გაიზრდება.
„ახლა საკმაოდ არასტაბილური მდგომარეობაა, მარკეტიც არასტაბილური იყო იანვარ-თებერვალში და ეს თითქმის ყოველთვის ასეა. ამინდების გამოსვლასთან ერთად ველოდებით მოთხოვნის გაზრდას, რასაც ავტომატურად მოჰყვება ფასების მატება ავტომობილებზე. ეს იმით აიხსნება, რომ ყაზახეთსა და ყირგიზეთში, უფრო მეტად გაზაფხულ-ზაფხულზე გაყავთ მანქანები, რადგან იქ საკმაოდ მკაცრი ჰავაა და მარტი-აპრილშიც კი შეიძლება თოვლი იყოს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ზაფხულზე იქმნება მანქანების ე.წ. დეფიციტი, მოთხოვნა კი კვლავ დიდია, რაც ასევე იწვევს ფასის ზრდას“.
რესპონდენტი ჩვენთან საუბარისას იმასაც აღნიშნავს, რომ ქართველი მომხმარებელი ხშირად გაზრდილი ფასებით უკმაყოფილოა, მაგრამ იმაზე არ ფიქრობს, თუ რეალურად რამ გამოიწვია ფასების მატება, რომ გაძვირდა როგორც მანქანის ნაწილები, ისე მისი შეკეთების ხარჯებიც.