რუსეთი შაქრის ექსპორტზე აკრძალვის შემოღებას აპირებს – რა რაოდენობით შაქარს ყიდულობს საქართველო რუსეთში
რუსეთი შაქრის ექსპორტზე აკრძალვის შემოღებას აპირებს. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთი საქართველოს შაქრის იმპორტიორთა შორის რეიტინგში მეორე ადგილზეა. უფრო კონკრეტულად, მისი წილი 2023 წლის იმპორტში დაახლოებით 14,7%-ს შეადგენდა.
საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს რუსეთიდან საქართველოში 14,760 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 22 804 ტონა შაქარი შემოვიდა.
2023 წელს საქართველოში შაქრის იმპორტიორი 5 ძირითადი ქვეყანა ასე გამოიყურება:
ბრაზილია – 43,981 მლნ დოლარი
რუსეთი – 14,670 მლნ დოლარი
მაროკო – 12,731 მლნ დოლარი
არაბთა გაერთიანებული საემიროები – 9,162 მლნ დოლარი
საფრანგეთი – 7,906 მლნ დოლარი
რაც შეეხება 2024 წლის იანვარს, ამ პერიოდში საქართველოში შემოვიდა 2,728 მლნ დოლარის 3,479 ტონა შაქარი. მიმდინარე წლის იანვარში რუსეთიდან 85 ათასი დოლარის 124 ტონა შაქარი ვიყიდეთ.
შეგახსენებთ, რუსეთმა შესაძლოა, შაქრის ექსპორტის დროებით აკრძალოს. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით დადგენილების პროექტი უკვე შეიმუშავა. აკრძალვა 2024 წლის 31 აგვისტომდე იქნება ძალაში. დოკუმენტში გარკვეული გამონაკლისებიც არის გათვალისწინებული – ევრაზიული ეკონომიკური კავშირში შაქრის ექსპორტზე აკრძალვა არ გავრცელდება იმ მოცულობების ფარგლებში, რომელიც საორიენტაციო ნაშთებით არის გათვალისწინებული, თუმცა ამასთან ექსპორტისას აუცილებელი იქნება ნებართვა, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო გასცემს.