სამინისტრო – თელავის აეროპორტი შესაძლოა, საერთაშორისო აეროპორტად გარდაიქმნას
თელავის აეროპორტი შესაძლოა, საერთაშორისო აეროპორტად გარდაიქმნას და სამომავლოდ, ადგილობრივი რეისების პარალელურად, საერთაშორისო რეისებიც მიიღოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს.
ამასთან, კითხვაზე, თუ სახელმწიფო მიიჩნევს, რომ თელავის აეროპორტიც იყოს საერთაშორისო, ასეთ შემთხვევაში, ვაზიანის აეროპორტის აშენებაზე რა გადაწყვეტილება მიიღება და საბოლოოდ, რა ბედი ელის თბილისის აეროპორტს, ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ თელავის აეროპორტის განვითარება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვაზიანში შესაძლო ადგილმონაცვლეობასთან კავშირში არ არის.
„თელავის აეროპორტის განვითარების საკითხი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვაზიანში შესაძლო ადგილმონაცვლეობის საკითხთან კავშირში არ არის. არაერთხელ ცალსახად ითქვა, რომ ვაზიანის აეროპორტი განიხილება თბილისის ამჟამინდელი აეროპორტის ალტერნატივად, თუკი მსგავსი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
ეს პროცესი გავლენას ვერ მოახდენს თელავის აეროპორტის განვითარებაზე, რადგან საწყის ეტაპზე, ის შიდა აეროპორტის ფუნქციას შეასრულებს. თუმცა, სამომავლოდ, მგზავრთნაკადისა და მოთხოვნის ზრდის გათვალისწინებით, ის შეიძლება საერთაშორისო აეროპორტად გარდაიქმნას. მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაშიც კი, თელავი ვერ იქნება თბილისის აეროპორტის საპირწონე – ის დარჩება რეგიონული მნიშვნელობის აეროპორტად, რომელიც შეძლებს საერთაშორისო რეისების მიღებას, მათ შორის, ჩარტერული ფრენების.
ბოლო წლების სტატისტიკით, საქართველოში ტურიზმი და ავიაციის ინდუსტრია ზრდადი დინამიკით ვითარდება. გამტარუნარიანობის თანაბარი და პროპორციული მატება ფიქსირდება საერთაშორისო აეროპორტებში. სამიზნე ტურისტულ ბაზრებზე იზრდება მოთხოვნა საქართველოსა და მისი ცალკეული რეგიონების მიმართ, როგორც გამორჩეულად მიმზიდველი ტურისტული მიზიდულობის ცენტრების და მათ შორის, კახეთის მხარე ერთ-ერთი ლიდერია. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, თუ დავინახავთ, რომ კახეთის მიმართულებით საერთაშორისო ფრენების შესრულებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, სახელმწიფოს მხრიდან დღის წესრიგში შეიძლება დადგეს თელავის აეროპორტში დამატებითი ინვესტიციების განხორციელების საჭიროება. სწორედ ამიტომ ჩვენ ამ აეროპორტის განვითარების პირველ ფაზას ისე ვახორციელებთ, რომ მისი გარდაქმნა საერთაშორისოდ იყოს სწრაფი და ეფექტური.
ჩვენი გადაწყვეტილება თელავის აეროპორტის მიმართ მომდინარეობს საქართველოში აეროპორტების განვითარების ერთიანი ხედვიდან. ამიტომაცაა, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქმედი საერთაშორისო აეროპორტები ერთმანეთს კონკურენციას კი არ უწევენ, არამედ, პირიქით, მათი ბიზნეს მოდელები ერთმანეთს ავსებენ და ამით სტიმულირებას უწევენ დამატებითი ტურისტული ნაკადებისა და ავიარეისების შემოსვლას.
გამომდინარე აქედან, თელავის აეროპორტის შემთხვევაშიც, გეგმაზომიერი და კვალიფიციურ კვლევებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იქნება მიღებული” – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.