ხე-ტყის უკანონო ჭრისათვის სასჯელი გამკაცრდება
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მკაცრდება – ამის შესახებ პრემიერმა დღეს, 11 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არ არის უფრო ნაკლები დანაშაული, თუ სხვა მძიმე დანაშაულებთან შევადარებთ.
“რამდენიმე ადამიანმა მომმართა მე პირადად ამ საკითხზე. იყო ინფორმაცია, რომ კონკრეტულ რეგიონებსა და ხეობებში იჭრება ტყეები. მე არ მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები და ვერ ვიტყვი, რამდენად მართალია ეს ინფორმაციები, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ყურადღება იმისთვის, რომ მოხდეს ასეთი შესაძლო დანაშაულების პრევენცია. მე მინდა, რომ [გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის] სამინისტრომ და ძალოვნებმა შესაბამისი ყურადღება დაუთმონ ამ საკითხს. ძალიან მძიმე დანაშაულია ხე-ტყის უკანონო მოპოვება. არა ნაკლებ მძიმე დანაშაულია, სხვა მძიმე დანაშაულებს, რომ შევადაროთ, იქიდან გამომდინარე რომ ნადგურდება სტრატეგიული რესურსი ჩვენი მომავალი თაობებისთვის.
აქედან გამომდინარე, უნდა შევიმუშაოთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები, რომლის საფუძველზეც გამკაცრდება სასჯელები დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით. ამ კანონპროექტზე მუშაობას დაუყოვნებლივ დავიწყებთ”, – განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისთვის სასჯელი ბოლოს, 2018 წელს გამკაცრდა. მაშინ, ცვლილებები შევიდა როგორც სისხლის, ასევე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსშიც.