ახალი ამბები

საჭიროა პროგრესი 9 პუნქტთან დაკავშირებით – ჰერჩინსკი

საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გახსნა, 9 რეკომენდაციის შესრულებაზეა დამოკიდებული, ამბობს საქართველოში ევროკავშირის ელჩი.

პაველ ჰერჩინსკის თქმით, საქართველოს მიერ 9 პუნქტის შესრულების შეფასებაზე მუშაობა დაწყებულია და მათ შორის შეხვედრა იგეგმება ბიზნესთან.

„გასული წლის დეკემბერში ყველამ ვიზეიმეთ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ისტორიული გადაწყვეტილება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ფორმალურად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, თუმცა აქ მისასვლელად რამდენიმე ეტაპია, შემდეგია მოლაპარაკებების გახსნა. საქართველომ მიიღო 9 პუნქტი, რომელთა იმპლემენტაციაც მიმდინარეობს.

შესრულების მდგომარეობას შემდეგ გაფართოების ანგარიშში შევაფასებთ. შეფასებაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს, კონსულტაციები გვქონდა სამოქალაქო საზოგადოებასთან, მომავალ კვირაში კონსულტაციები გვექნება ბიზნესთან, მივიღებთ ინფორმაციას ოფიციალური პირებისგან. ეს პროცესი გამჭვირვალე იქნება. ვიმედოვნებთ, მიმდინარე წლის ოქტომბერში, როდესაც გაფართოების ახალი ანგარიში იქნება, 9 პუნქტიდან ყველას შემთხვევაში საკმარისი პროგრესი მიიღწევა, რომ პოზიტიური რეკომენდაცია გაიცეს მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. ახლა რაც გვჭირდება არის, რაც შეიძლება მეტი პროგრესი ყველა რეკომენდაციასთან დაკავშირებით”,- ამბობს ელჩი.