ახალი ამბები

სესხის აღებიდან 6 თვეში საგადასახადო შემოწმება შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

სესხის აღებიდან 6 თვეში საგადასახადო შემოწმება შესაძლოა, სავალდებულო გახდეს – ამ საკანონმდებლო წინადადებით, პარლამენტს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილმა მიმართა.

„გთავაზობთ, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსში შევიდეს დამატება იმის თაობაზე, რომ კომერციული ბანკის მიერ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 თვეში სავალდებულო გახდეს მსესხებლის და იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმების ჩატარება.

ამ საკანონმდებლო წინადადების მიღების შემთხვევაში, პრივილეგირებული საგადასახადო დავალიანების ამოღება ვეღარ შეფერხდება იმის გამო, რომ იპოთეკით უზრუნველყოფილი ქონება გაიყიდება მხოლოდ პირველი რიგის უზრუნველყოფილი კრედიტორების მიერ გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებებით დადგენილი წესით, ქონების საბაზრო ღირებულების გათვალისწინების გარეშე.

ასევე, გთავაზობთ, რომ “კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში დაწესდეს, რომ კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ, იპოთეკით უზრუნველყოფილი ქონების რეალიზაცია მოახდინონ მათი საბაზრო ღირებულების გათვალისწინების გარეშე, მხოლოდ უზრუნველყოფილ მოთხოვნათა ოდენობის ფასად. ასეთ შემთხვევაში აღიკვეთება ის უთანასწორობა ქაოსი და განუკითხაობა, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში დამკვიდრდა გადახდისუუნარობის სფეროში, როდესაც ბანკები მოვალეთა ქონებას ყიდიან სესხის ოდენობის ფასის საფუძველზე, ხოლო შემოსავლების სამსახური ვერ იღებს გადასახადის გადამხდელებზე დარიცხულ თანხებს, კომერციული ბანკების მიმართ დაწესებული უხერხული საკანონმდებლო პრივილეგიის გამო,“- აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადებაში.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო წინადადების განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს დაევალა.