ახალი ამბები

ძალოვანი უწყებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა პენსიის მაქსიმალური ზედა ზღვარი შესაძლოა ინდექსაციას დაექვემდებაროს

ძალოვანი უწყებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა პენსიის მაქსიმალური ზედა ზღვარი შესაძლოა ინდექსაციას დაექვემდებაროს, რაც იმას ნიშნავს, რომ ინდექსაციის შემთხვევაში, პენსიის ზრდა ავტომატურად მოხდება.

საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ, “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას დააყენა.

“კარგი იქნება თუ ძალოვანი უწყებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა პენსიის მაქსიმალური 1 000 ლარიანი ზედა ზღვარი ყოველწლიურად დაექვემდებარება ინდექსაციას, ისევე როგორც ეს ყველა პენსიონერთათვის ხდება“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.

კვიჟინაძის პასუხად მომხსენებელმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ პროექტის მეორე მოსმენით განხილვის დროს წარმოდგენილი იქნება კონკრეტული ცვლილებები ინდექსაციასთან დაკავშირებით.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებების თანახმად, კომპენსაციის 560-ლარიანი შეზღუდვა 1 000 ლარამდე იზრდება, ხოლო ადამიანებს, ვისაც მარჩენალის გარდაცვალების გამო დანიშნული ჰქონდათ კომპენსაცია, მათთვის ზედა ზღვარი 1200 ლარამდე იზრდება.