ქიმწმენდის საწარმოების საცხოვრებელ შენობებში განთავსება აიკრძალა – ახალი დადგენილება
ტანსაცმლისა და სხვა ნაწარმის ქიმიური წმენდის საწარმოებისთვის რეგულაციები ამოქმედდა.
რეგულაციების თანახმად, დაუშვებელია ქიმწმენდის საწარმოების განთავსება საცხოვრებელი, სამედიცინო დაწესებულების, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებში, ასევე აკრძალულია ქიმწმენდის მიმღები პუნქტების განთავსება მაღაზიებში, რომლებიც კვების პროდუქტების რეალიზაციას ახდენენ.
„ტექნიკური რეგლამენტი – ქიმწმენდის ობიექტების მოწყობის, ფუნქციონირებისა და ექსპლუატაციის სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები“ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის გათვალისწინებით, მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცდა.
ქიმწმენდის საწარმო ვალდებულია, გაიაროს რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და მოახდინოს მისი საქმიანობის რეგისტრაცია „ქიმწმენდის საწარმოდ“. თუ ტანსაცმლის ქიმწმენდის დიდი საწარმოს წარმადობა აღემატება 24 კგ/სთ-ს, საცხოვრებელი, სამედიცინო დაწესებულების, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულების შენობებიდან ის მინიმუმ 100 მეტრით უნდა იყოს დაშორებული. მინი ქიმწმენდისთვის კი შეზღუდვა 50 მეტრია, ამასთან, დასაშვებია მისი განთავსება საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებების ზონებში, ადმინისტრაციულ შენობებსა და სასტუმროებში. რეგლამენტში გაწერილია მთელი რიგი სტანდარტები როგორც დასაქმებულების უფლებების დაცვის, ისე დაბინძურებისგან გარემოს დაცვის კუთხით.
სახარჯო მასალების დაწყობა, მიღება, ნაწარმის დახარისხება და პარტიების დაკომპლექტება, ლაქების ამოყვანა და გასუფთავება, ნაწარმის დამუშავება ორგანულ გამხსნელებში, გაჟღენთვა, სველი და თბური დამუშავება, საკერავი-სარემონტო სამუშაოები, ხარისხის შემოწმება, დაკვეთის გაცემა და სხვა ოპერაციები დამოუკიდებელ სათავსებში უნდა ხორციელდებოდეს.
ქიმიური რეაქტივები და ხსნარები უნდა ინახებოდეს მწარმოებლის ტარაში, რომელიც უნდა იყოს ნიშანდებული და მჭიდროდ თავდახურული.
დოკუმენტის თანახმად, სათავსის კედლები, ჭერი, იატაკი, საწარმოო აღჭურვილობის ზედაპირი უნდა იყოს გლუვი და სწორი, ხვრელების გარეშე, არასრიალა, გაწმენდისა და სველი დასუფთავებისათვის მოსახერხებელი, გააჩნდეს ანტისტატიკური თვისებები და ტექნოლოგიურ პროცესებში გამოყენებულ ქიმიურ ნივთიერებებს არ უნდა აკავებდეს.
ქიმწმენდის საწარმოო, დამხმარე და საყოფაცხოვრებო სათავსები უნდა აღიჭურვოს ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემებით. ასევე განსაზღვრულია ხმაურის დასაშვები ნორმები და განათების მოთხოვნები.
ტექნოლოგიური დანადგარები, რომლებიც წარმოადგენს მავნე ნივთიერებათა გამოყოფის წყაროებს, აღჭურვილი უნდა იყოს ადგილობრივი და ავარიული სავენტილაციო გამწოვი მოწყობილობებით, საიდანაც მათზე მიერთებული მილის საშუალებით გაწოვილი მავნე ნივთიერებები მოხვდება ატმოსფერულ ჰაერში. მილის სიმაღლე უნდა აღემატებოდეს იმ შენობების სიმაღლეს, სადაც განთავსებულია ქიმწმენდის საწარმოები.
ქიმწმენდის საწარმოში დასაქმებული პირები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ სპეციალური ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.
დასახელებულ მოთხოვნებზე ზედამხედველობა 2024 წლის 1 სექტემბრიდან განხორციელდება.ზედამხედველი ორგანოებია შრომის ინსპექციის სამსახური და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.