დღეიდან მგზავრების გადაყვანის რეგულირება მკაცრდება
დღეიდან საქართველოს მასშტაბით მდებარე ავტოსადგურებსა და მგზავრთგადამყვან ოპერატორებს ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწევთ.
1 მარტიდან ნებისმიერ მძღოლს, რომელსაც მგზავრების გადაყვანა მოუნდება, სტანდარტების დაკმაყოფილება და ლიცენზიის აღება მოუწევს, ავტოსადგურმა კი სერტიფიცირება უნდა გაიაროს. ამასთან, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონს ავტოსადგურთან დაკავშირებული სპეციალური მუხლები დაემატა, რომლებიც ავტოსადგურის კლასებსა და მათ სერტიფიცირებას განსაზღვრავენ.
კანონპროექტის მიღების შედეგად, ნებართვას დაექვემდებარება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ტაქსების საქმიანობა. მუნიციპალიტეტებს 2025 წლის 1-ელ ივნისამდე ეძლევათ ვადა, რომ უზრუნველყონ მსუბუქი ავტომობილით − ტაქსით (M1 კატეგორია) გადაყვანის ნებართვის მფლობელთა შესახებ მონაცემების ერთიან საინფორმაციო ბაზაში ასახვა, რომლის შექმნის, განახლებისა და დამუშავების წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა 2025 წლის 1-ელ იანვრამდე.
ტაქსის მძღოლები ამბობენ, რომ აღნიშნულის შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა თუ კანონში ცვლილება შევა, სანებართვო პირობები მათთვის მისაღები უნდა იყოს.
,,თუ ეს განხორციელდება, ბევრი ადგილობრივი ტაქსი ვეღარ შეძლებს მუშაობის გაგრძელებას. ალბათ, მოთხოვნებიც სხვანაირი იქნება., აქამდე არ დარეგულირებულა ეს საქმიანობა. ზოგი ძველი მანქანით ტაქსაობს და ლუკმა პურს შოულობს, ეს წყაროც აღარ ექნება,”, – აცხადებს მირო ზარნაძე.