სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებულ პირებს შესაძლოა, მმართველი პარტიის დაფინანსება შეეზღუდოთ
სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებულ პირებს შესაძლოა, მმართველი პარტიის დაფინანსება შეეზღუდოთ. აღნიშნულს გულისხმობს ევროოპტიმისტების საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.
კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, მმართველ პოლიტიკურ პარტიას აეკრძალება შემოწირულობის მიღება საჯარო შესყიდვისას ერთჯერადად ან ჯამურად ერთი წლის განმავლობაში 1 მილიონი ლარის ან მეტი ღირებულების საჯარო შესყიდვაში/შესყიდვებში გამარჯვებული კომპანიის დირექტორის, ხელმძღვანელი ორგანოს წევრის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის და მიმწოდებლის კაპიტალის 10 პროცენტზე მეტი წილის მფლობელის მხრიდან.
ამასთან, როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ეს შეზღუდვა/აკრძალვა მიმწოდებლის/კომპანიის ხელმძღვანელი პირის მიმართ შესყიდვაში/შესყიდვებში გამარჯვებიდან 3 წლის განმავლობაში იმოქმედებს.
კანონპროექტში, ცვლილების ავტორებს მოყვანილი აქვს ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიც, რომლის თანახმადაც, მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა თერთმეტმა კომპანიამ 2023 წლის მეორე ნახევარში 200 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ტენდერი მოიგო, ამავე კომპანიებს 2013 წლიდან 1.7 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვთ მოგებული. ამავე პერიოდში ოპოზიციური პარტიების დონორებთან დაკავშირებულ არცერთ კომპანიას ტენდერი არ მოუგია.
კანონპროექტში ცვლილების ამოქმედების თარიღად 2025 წლის 1-ლი იანვარია მითითებული. ცნობისთვის, საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები პარლამენტის წევრები რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე არიან.