„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ – ევროკავშირის კონკრეტული მოთხოვნები არ არის შესრულებული
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს რომ ხელისუფლება არ ასრულებს ევროკომისიის პირობებს, რომლებიც ერთი მხრივ, 2024 წლის 26 ოქტომბერს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული არჩევნების ჩასატარებლად, ხოლო მეორე მხრივ, წლის ბოლოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების სტადიაზე გადასასვლელად არის საჭირო.
“ჩვენი შეფასებით ის კონკრეტული მოთხოვნები, რომელიც ევროკავშირმა, ეუთო/ოდირმა, ვენეციის კომისიამ წარმოგვიდგინა საარჩევნო სისტემის დასახვეწად, არათუ არ არის შესრულებული, არამედ გარკვეული მიმართულებებით უკუსვლასაც ვხედავთ. ეს ძალიან სამწუხაროა და მე ვიტყოდი, საგანგაშოც არის, სწორედ იმიტომ, რომ წელს არჩევნების წელია და ძალიან მალე უნდა მოხდეს ამ ყველაფრის შეცვლა, თუმცა ასევე არის ინსტიტუციური გზა. ჩვენ ვიცით, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადო საკანონმდებლო პაკეტს და ეს არის რეალურად ის შანსი, რომელიც წესით ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს და შეიტანოს ყველა ის ცვლილება, რომელიც მოთხოვნილია ჩვენი პარტნიორების მხრიდან,” – განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ონიანმა.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად საარჩევნო კანონმდებლობის და პრაქტიკის კომპლექსური და ღრმა რეფორმაა საჭირო, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებული უნდა იქნეს ევროკომისიის მოთხოვნები და ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის ყველა ძირითადი რეკომენდაცია. მათივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით რაც შეიძლება სწრაფად გადაიდგას ნაბიჯები.
„პარტიის გაუქმების შესახებ ინიციატივა მიგვაჩნია არაკონსტიტუციურად, რადგან პარტიის გაუქმება მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია და მხოლოდ ამომწურავად განსაზღვრული საფუძვლებით. პარტიების დაფინანსების კანონმდებლობაში ცვლილებები, რომელიც იურიდიული პირების შემოწირულებებს კრძალავს და პარტიების წლიური ხარჯების უფრო დაბალ ზღვარს (მშპ-ს 0.05%-დან 0.04%-მდე) ადგენს, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებია, თუმცა, არასაკმარისია და მნიშვნელოვანი ეფექტი არ ექნება”.