საია – რეკომენდაციების შესრულების გარეშე, საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში წინ ვერ წავა
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ე.წ. ვეტინგის სისტემა არის მექანიზმი იმისთვის, რომ მართლმსაჯულების სისტემა გაჯანსაღდეს.
მისივე თქმით, რეკომენდაციების შესრულების გარეშე, საქართველო ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში წინ ვერ წავა.
„ეს არის კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებში გვხვდება. კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი არის შესაძლებლობა იმისთვის, რომ მართლმსაჯულების სისტემა გაჯანსაღდეს. ამ რეკომენდაციების შესრულების გარეშე, სამწუხაროდ, საქართველო წინ ვერ წავა ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში. ეს ცალსახად წერია გაფართოების ანგარიშში, რომ საქართველომ კეთილსინდისიერების შემოწმების მიმართულებით უნდა შექმნას შესაბამისი მექანიზმი”, – განაცხადა ქურდოვანიძემ.
გარდა ამისა, ამბობს რომ ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია არის სასამართლოს რეფორმა. ეს ეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოწყობის სისტემას, სასამართლოში გავლენის არსებობას და ა.შ.
„სასამართლოს სიღრმისეული რეფორმა სჭირდება, მათ შორის ის მოდელი, რომელიც აქამდე განხორციელებულა, საკმარისი არ არის. ვიმედოვნებთ, ახლაც პარლამენტი გადადგამს შესაბამის ქმედით ნაბიჯებს იმისთვის, რომ გაჯანსაღდეს მართლმსაჯულების სისტემა, მათ შორის კეთილსინდისიერების შემოწმება არის ერთ-ერთი წამყვანი საკითხი, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებში გვხვდება“, – განაცხადა ქურდოვანიძემ.