ფერმერებისა და მეწარმეების მხარდასაჭერად, 15-მდე პროექტი ხორციელდება
საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის განვითარებაა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან როგორც გარემოს დაცვის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით.
,,მიმდინარე წელს, ჩვენი ფერმერებისა და მეწარმეების მხარდასაჭერად, 15-მდე პროექტს ვახორციელებთ, რაც ღირებულებათა ჯაჭვის ფაქტობრივად მთელ სპექტრს მოიცავს. პარტნიორებთან ერთად განხორციელებული პროექტები, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გაცილებით უფრო ეფექტიანს ხდის. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია მხარი დავუჭიროთ ფერმერებს აწარმოონ ხარისხიანი ქართული პროდუქცია და იყვნენ უფრო კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე“, – განაცხადა მინისტრმა.
აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რობინ ლ. დანიგანმა აღნიშნა რომ USAID-ის სოფლის განვითარების პროგრამამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში.
,,პროგრამის ფარგლებში, ექვსი ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და პროგრამამ გავლენა იქონია ასი ათასი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებაზე და ამავე დროს, სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებაზე“, – ამბობს ელჩი.