რა ცვლილებები ამოქმედდება 1-ლი მარტიდან
1-ლი მარტიდან, სულ რაღაც 2 დღეში ქვეყანაში რამდენიმე ცვლილება ამოქმედდება, რომელიც შეეხება როგორც ბიზნეს სექტორს ასევე მომხმარებლებს.
გთავაზობთ ინფორმაციას იმ რამდენიმე ცვლილების შესახებ, რომელიც უკვე პარასკევიდან ამოქმედდება.
სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება
სარეკლამო შეტყობინებები წინასწარი თანხმობის გარეშე აღარ გამოიგზავნება. ეს ერთ-ერთია იმ სიახლეებიდან, რომლებსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონი ითვალისწინებს. კანონში ეს სიახლე 2024 წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდება.
ბიზნესი აღნიშნულ რეგულაციასთან დაკავშირებით, აცხადებს რომ დამატებით ხარჯს მოითხოვს, რადგან თითოეული კომპანია ვალდებული იქნება, განაახლოს მათი დოკუმენტაცია, თუმცა, მათივე ცნობით, ინფორმაციის მომხმარებლამდე მიტანისთვის სხვა მიმართულებას გამოიყენებენ.
GE დომენის ფასი იზრდება
1-ლი მარტიდან GE დომენის ფასები იცვლება. როგორც კომპანია FastCloud-ი იტყობინება, რეგისტრაციისა და განახლების ფასი 50 ლარამდე გაიზრდება. ხოლო მეორე დონის დომენების ღირებულება 30 ლარი გახდება.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კომპანიაში ცვლილებამდე დომენის რეგისტრაცია და განახლება 30 ლარი ღირდა, ხოლო მეორე დონის დომენის ღირებულება 12 ლარს შეადგენდა.
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესვლა ძვირდება
2024 წლის 1-ლი მარტიდან, საქართველოს ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთის ფასები იცვლება. აღსანიშნავია, 6 წლამდე ბავშვები ტერიტორიაზე მარტიდანაც უფასოდ დაიშვებიან, ხოლო 6-18 წლამდე 5,5 ლარი შენარჩუნდება.
რუსეთი მარტიდან ბენზინის ექსპორტს 6 თვით კრძალავს
რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინმა 1-ლი მარტიდან ბენზინის ექსპორტის 6 თვით აკრძალვის შესახებ დადგენილება დაამტკიცა. ამის შესახებ სააგენტო RBC-ს ფედერაციის მთავრობასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა.
ექსპორტის დროებითი აკრძალვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში,“ ასევე, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში, მონღოლეთსა და უზბეკეთში მიწოდების შეთანხმებულ მოცულობებზე არ ვრცელდება.
ცნობისთვის, რუსეთი საქართველოსთვის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია. შესაბამისად, ეს ცვლილება გარკვეულ გავლენას საქართველოში საწვავის ფასზეც იქონიებს. ნავთობიმპორტიორების ცნობით, მოსალოდნელია რომ ამ შეზღუდვის შემდეგ საქართველოში საწვავი 10-15 თეთრით გაძვირდება.
iPhone-ზე „ანდროიდის“ აპლიკაციების გადმოწერას შეძლებთ
Apple არსებობის ისტორიაში პირველად, iPhone-ებზე, ევროკავშირის ახალი რეგულაციების მიხედვით, შესაძლებელს გახდის App Store-ის გარეთ არსებული აპლიკაციების გადმოწერას. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ 25 იანვარს გამოაქვეყნა, რათა დეველოპერებმა, რომლებიც მხოლოდ „ანდროიდ“ სისტემებისთვის ქმნიან და ქმნიდნენ აპლიკაციებს, მათი ინტეგრაცია IOS-ზეც მოახდინონ. აღნიშნული სიახლის დანერგვა, 2024 წლის მარტიდან იგეგმება.