ახალი ამბები

ენერგოეფექტურობის შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონში პირველი მოსმენით განიხილეს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით განიხილა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ნინო ენუქიძის განცხადებით, ორივე კანონპროექტი ევროკავშირის 2002 წლის დირექტივიდან გამომდინარეობს და, შესაბამისად, მოქმედი კანონების ამ დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანა ხდება.

მისივე თქმით, ორივე კანონპროექტი ასევე დაკავშირებულია მსოფლიო ბანკთან გაფორმებულ შეთანხმებასთან – განვითარებადი პოლიტიკის ოპერაციასთან, რომლის შესაბამისად, საჭიროა, ამ კანონპროექტების მიღება.

როგორც ნინო ენუქიძემ განაცხადა, კანონპროექტით ცალსახად განიმარტა ენერგოაუდიტის ტერმინი, განისაზღვრა, თუ რა შემთხვევებში და როდის კეთდება ენერგოაუდიტი. მისივე თქმით, ბაზარზე ფაქტობრივად შემოვა ახალი პროფესია, ენერგოაუდიტი განხორციელდება საწარმოებში, სადაც ენერგიის მოხმარება არის მაღალი, იგი სავალდებულო იქნება და ოთხ წელიწადში ერთხელ ჩატარდება. როგორც ნინო ენუქიძემ აღნიშნა, კანონით გაიწერება ენერგოაუდიტორების საკითხიც.

„ასევე მნიშვნელოვანი ცვლილება შედის „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონშიც. საქართველოს მთავრობას მოქმედი კანონით ვალდებულება აქვს, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართების 1% გახადოს ენერგოეფექტური. ეს ერთი პროცენტი იცვლება სამი პროცენტით.

საქართველოს მთავრობა ვალდებული იქნება, რომ ყოველწლიურად სახელმწიფო საკუთრებაში და სარგებლობაში არსებული ფართების 3% გახადოს ენერგოეფექტური. კანონში შევიდა ტექნიკური ცვლილებებიც. ასევე ევროდირექტივის მოთხოვნის შესაბამისად, ახლებურად ყალიბდება გათბობის და გაგრილების სისტემების ინსპექტირების განხორციელების წესი“, – განაცხადა ენუქიძემ.

კანონპროექტები 2025 წლის 2 იანვრიდან შევა ძალაში, რაც შეეხება მოსახლეობას, მათ ენერგოაუდიტის ჩატარების ვალდებულება ექნებათ 2028 წლიდან, მაგრამ ეს არ გავრცელდება ძველ შენობებზე.