წვევამდელების საგაზაფხულო გაწვევა 4 მარტს დაიწყება
2024 წლის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა 4 მარტს დაიწყება და 29 ივნისამდე გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ავრცელებს.
დადგენილების მიხედვით:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1500-ით;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში – 735-ით;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში -572ით;
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა კი განისაზღვრა 295-ით.
სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარება 18-დან 27 წლამდე ასაკის პირები, რომლებსაც კანონმდებლობით არ აქვთ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან გაწვევისაგან გათავისუფლების საფუძველი.
“18-დან 27 წლამდე ასაკის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირები ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ვალდებული არიან, გამოცხადდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ცენტრების სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების მუნიციპალურ/რაიონულ განყოფილებებში (შემდგომში – მუნიციპალური/რაიონული განყოფილება), რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.” – წერია დადგენილებაში.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა გაწვევის დაწყებამდე განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, სადაც იფუნქციონირებს მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია და სადაც წვევამდელები გაივლიან სამედიცინო შემოწმებას, ასევე ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის.
“წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში, მუნიციპალურ/რაიონულ განყოფილებაში შექმნილი გამწვევი კომისიის მიერ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 5 დღის ვადაში.”- ნათქვამია დოკუმენტში.
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, ადგილზე უნდა აღმოუჩინოს დახმარება – იმ წვევამდელთა მოძებნაში და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც არ იძებნებიან, ან სავარაუდოდ, თავს არიდებენ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესის კოორდინაცია და კონტროლი სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოს (სსიპ) დაევალა.