მიმდინარე წელი EU-სთან და NATO-სთან დაახლოების წელი უნდა გახდეს – შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის რეგლამენტის მე-19 მუხლის თანახმად, პლენარულ სხდომაზე პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში და 2024 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, 2024 წელი საქართველოსთვის დიდი გამოწვევების წელი იქნება.
„უპირველეს ყოვლისა, ეს არის არჩევნების წელი. ყველა პასუხისმგებლიანი პარტიის, მოქალაქისა და საქართველოს მოკავშირე უცხოელი პარტნიორების ინტერესშია, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიანად და სამართლიანად. ამისათვის ძალები უნდა გავაერთიანოთ. ქართული დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რადიკალიზმის წახალისება წარსულს ჩაბარდეს და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალების ჯანსაღი კონკურენციის გზით, არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობა ყოველგვარი ეჭვის გარეშე იქნეს დადასტურებული. ამ გზაზე ჩვენ დიდი ნაბიჯები გადავდგით. მოხდა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა, რომელმაც პრაქტიკულად გამორიცხა ნებისმიერი სახის სპეკულაცია არჩევნების გაყალბების თაობაზე. განსაკუთრებით მინდა გამოვყო არჩევნების ელექტრონული სისტემები, რომელიც ამ მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული წლევანდელ არჩევნებზე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მიმდინარე წელი ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების წელი უნდა გახდეს.
„სასურველია, თუ ევროკავშირის მაგალითს ნატო-ც მიბაძავს და საქართველოს გაწევრიანების უფრო ცხად კრიტერიუმებს შესთავაზებს, რომლების შესრულებაც ჩვენს ქვეყანას ისევე დააახლოებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან, როგორც ეს ევროკავშირის შემთხვევაში მოხდა. დასასრულს, მინდა მოგმართოთ თანამშრომლობის წინადადებით. საქართველო ჩვენი საერთო სამშობლოა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხი მხარს „ქართულ ოცნებას“ უჭერს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი გამარჯვება მარტო „ქართული ოცნების“ გამარჯვება იქნება. ამიტომ, მოგმართავთ, შემოგვიერთდეთ, რომ მიმდინარე წელი არა რადიკალიზაციისა და კონფრონტაციის წელი, არამედ დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების, გეოპოლიტიკური გამოწვევების დაძლევის, ქვეყნის გაერთიანებისა და ევროკავშირთან და ნატო-სთან დაახლოების წელი გახდეს. სწორედ ეს არის მოსახლეობის მთავარი ინტერესი, ჩვენი საერთო სამშობლოს – საქართველოს უპირველესი ინტერესი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის მიერ პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2024 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენას ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები, საქართველოს პარლამენტის წევრები, მთავრობის წევრები, თბილისის მერი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელები, დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოების და სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების ხელმძღვანელები, თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსი, სახალხო დამცველი, საქართველოს საპატრიარქოსა და დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლები.