ახალი ამბები

გაიცანით ახალგაზრდა ელჩების პროგრამის მონაწილეები გურჯაანიდან

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ელჩების პროგრამა დასრულდა.

ახალგაზრდა ელჩების პროგრამის მონაწილე გურჯაანიდან, ელენე ქაჩლიშვილი აცხადებს, რომ პროგრამა ტარდება პროექტის “სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მხარდაჭერით.

მისი თქმით, ახალგაზრდებისთვის სტუდენტურ კონკურსებს CSRDG 2012 წლიდან ახორციელებს და მასში წლების მანძილზე 500-ზე მეტი ახალგაზრდა ჩაერთო.

ახალგაზრდა ელჩების პროგრამის მიზანია ახალგაზრდებისთვის სოციალური მეწარმეობის გაცნობა და მათი ინტერესის გაზრდა, ამ მიმართულებით ახალგაზრდების ჩართულობა მათ გარშემო არსებული სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადაჭრაში სოციალურ მეწარმეობაზე ცნობიერების ამაღლებით, ახალგაზრდა ელჩების აღმოჩენა და მათი წახალისება მცირე ფინანსური მხარდაჭერით (750 EUR) თავიანთ რეგიონებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციის მიზნით, ასევე სოციალური მეწარმეობის სფეროში ახალგაზრდა ლიდერების აღმოჩენა და მათთვის სხვადასხვა შესაძლებლობის შექმნა, ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარება გრანტების მართვის, დონორებთან ურთიერთობისა და სხვა პრაქტიკული საქმიანობის მიმართულებით.

ელენეს თქმით, სოციალური მეწარმეობის 6 ახალგაზრდა ელჩი 200-ზე მეტი აპლიკაციიდან 3 თვიანი ინტენსიური პროცესის შემდგომ გამოვლინდა. ელჩები გურიაში, იმერეთში, სვანეთში, კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციაზე, ცნობიერების ამაღლებასა და მეტი ახალგაზრდის დაინტერესებაზე იმუშავებენ. გამარჯვებულებს CSRDG-სგან, ევროკავშირისა და პური მსოფლიოსთვის მხარდაჭერით, გადაეცემათ 700 ევრომდე ფინანსური მხარდაჭერა პროექტების განსახორციელებლად. კახეთის, კერძოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტის, ახალგაზრდა ელჩებად დასახელდნენ ელენე ქაჩლიშვილი და გიორგი ბაწაშვილი.

მომდევმო 4 თვის მანძილზე გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია რიგი პროექტები სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციისა და ცნობიერების ასამაღლებლად.

,,სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების პროგრამა ჩვენთვის იყო შანსი კიდევ ერთხელ დაგვემტკიცებინა საკუთარი თავებისთვის და საზოგადოებისთვის რომ სწორედ ჩვენი, ახალგაზრდების, პასუხისმგებლობაა სასიკეთო ცვლილებების შექმნა საკუთარ მუნიციპალიტეტებში.

წლების წინ, როდესაც სკოლის მოსწავლეები ვიყავით, სწორედ გურჯაანში დავიწყეთ ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობა და არაფორმალური განათლებით დაინტერესება, ახლა კი ამ პროექტმა შესაძლებლობა მოგვცა თავად შეგვექმნა ისეთი პროექტი, რომელიც გურჯაანელი ახალგაზრდებისთვის საინტერესო და პროდუქტიული იქნებოდა”,- განაცხადა პროექტის მონაწილემ, ელენე ქაჩლიშვილმა.