ახალი ამბები

ეროვნული აღრიცხვის შედეგები – “საქართველოს ტყის ფართობების 35,4% დეგრადირებულია“

ტყის ეროვნული აღრიცხვის მიხედვით, საქართველოს ტყის ფართობების დიდი ნაწილი დეგრადირებულია.

ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგების მიხედვით, საქართველოს 528,2 მლნ კუბური მეტრი ხე-ტყის საერთო მარაგი აქვს. ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 44.5% ანუ 3 100 500 ჰა ტყითაა დაფარული და ამ მაჩვენებლებით საქართველო ტყით მდიდარი ქვეყნების რიცხვში შედის. რაც შეეხება საქართველოს რეგიონების ტყიანობის მაჩვენებელს, ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგებიდან ირკვევა, რომ აჭარის ტყიანობის პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე მაღალია – რეგიონის 68.9% ტყითაა დაფარული, ხოლო ყველაზე დაბალი ტყიანობით ქვემო ქართლი – 23.9%-ით და თბილისის მუნიციპალიტეტი ხასიათდება, სადაც ტყიანობა 20.9%-ია.

bm.ge-ს ინფორმაციით, რაც შეეხება გამოწვევებს, ტყეების აღრიცხვის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს ტყის ფართობების დიდი ნაწილი, კერძოდ, ტყით დაფარული ფართობის მნიშვნელოვანი ნაწილი – 807 178 ჰექტარი (35,4%) დეგრადირებულია, რაც ძირითადად გამოწვეულია საშეშე ხე-ტყის მზარდი მოპოვებით და უსისტემო ჭრის შედეგად ხე-ტყის ხარისხის შემცირებით. დოკუმენტში კონკრეტული მაგალითია მოყვანილი, რომელიც აჩვენებს ადამიანის მიერ ტყეზე აქტიურ ზემოქმედებას, რაც დასტურდება დასტურდება ტყეში მოჭრილი ხეების, ძირკვების რაოდენობით.

აღრიცხვის დროს შეფასდა ტყეში არსებული ძირკვების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მდგომარეობა ანუ ლპობის მიზეზი, ასევე მათი წარმოშობის მიზეზები და დადგინდა, რომ საქართველოს ტყეებში საშუალოდ ჰა-ზე ფიქსირდება 73 ცალი ძირკვი, საიდანაც 50 ცალი ხის მოჭრის შედეგადაა წარმოქმნილი, ხოლო 23 – ბუნებრივი პროცესების გზით.

„საქართველოს რეგიონებში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის 90% კვლავ ნაწილობრივ ან სრულად არის დამოკიდებული საწვავ ხე-ტყეზე, აუცილებელი ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. აღნიშნული მიზეზები განაპირობებს ნახშირბადის შთანთქმის შესაძლებლობის კარგვას, საქართველოს ტყეები კი, გადამწყვეტ როლს თამაშობს ქვეყნის სათბური აირების (ემისიების რეგულირებაში. საქართველოს ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ განახლებული ინფორმაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სათბური აირების ემისიის შესამცირებლად, დასახული მიზნების მონიტორინგისა და ანგარიშგებისთვის, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს ეროვნულ დონეზე. ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების მიღწევის გზაზე“, – წერია ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, გამოწვევაა ის ფაქტიც, რომ არ არის განხორციელებული ტყეების კატეგორიზაცია მათი ფუნქციური დანიშნულების მიხედვით, რაც ტყის მდგრადი მართვისთვის აუცილებელია. ტყის ეროვნული აღრიცხვის მნიშვნელობაზე BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) დირექტორის მოადგილე რევაზ გეთიაშვილმა.

„რა თქმა უნდა, აქამდეც ვიცოდით, რომ ტყის დეგრადაციის მასშტაბი მაღალი იყო, მაგრამ ევროპელი მეგობრების ფინანსური და ექსპერტული დახმარებით უკვე გვაქვს ოფიციალური დოკუმენტი, რაზე დაყრდნობითაც, შეგიძლია სტრატეგიული მიმართულებები ჩამოვაყალიბოთ და შემდეგ უკვე კონკრეტული ღონისძიებები გავატაროთ. რას ნიშნავს, რომ საქართველოს ტყეების 35% დეგრადირებულია? – ბუნებრივია, ეს ძალიან არასახარბიელო სიტუაციაა. ამას უნდა დავამატოთ ისიც, რომ ამ ტყეებიდან 20%-ზე მეტი ეროზირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ტყის მიწები მიდრეკილია ბუნებრივი კატაკლიზმებისკენ, სტიქიებისკენ და კავშირშია იმ პრობლემებთან, რასაც ყოველ წელს ვაწყდებით, ვინაიდან ჩვენი ტყეები, პირველ რიგში, ქმნიან ბალანსს და აუცილებელ პირობას ჩვენი მშვიდი ცხოვრებისთვის და უსაფრთხოებისთვის, ასევე ეკონომიკური კეთილდღეობისთვის. ამასთან, ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიის 44% ტყით არის დაფარული, ნიშნავს იმას, ტყეების მართვა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს. ტყეა ჩვენი ნავთობი და ოქრო და მას სჭირდება დაცვა და ეფექტიანად გამოყენება, რათა მივიღოთ დასაქმებაც და უკეთესი ცხოვრების ხარისხი“, – განაცხადა რევაზ გეთიაშვილმა და იქვე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ე.წ. „სოციალური ჭრის“ პრაქტიკა დასრულდეს, რისთვისაც ქვეყანაში სისტემური რეფორმა მიმდინარეობს.

შეგახსენებთ: 2022 წელს ტყის სოციალური ჭრის გაუქმების ვადამ 2026 წლის 1 იანვრამდე გადაიწია. მაშინ გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს არგუმენტი ის იყო, რომ სატყეო სააგენტოს დამატებით ესაჭიროებოდა ვადა, რათა შესაბამისად მოემზადოს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოაწყოს საქმიანი ეზოები, შეიძინოს ტექნიკა-აღჭურვილობა, გაძლიერდეს ადამიანური რესურსებით იმისათვის, რომ შეუფერხებლად განახორციელოს თავისი ფუნქცია-მოვალეობები.

ამდენად, 2026 წლის 1-ელ იანვრამდე კვლავ მოქმედებს ის წესები, რაც საშეშე-მერქნული რესურსის დამზადებასთან მიმართებით არსებობს. კერძოდ, ბილეთის საფუძველზე მოქალაქეებს ჩვეულებრივად შეეძლებათ საშეშე მერქნის დამზადება ტყის ტერიტორიაზე, რაც ბარში – 7 კუბური მეტრი, მაღალ მთაში – 15 კუბური მეტრის ოდენობით არის კომლზე გამოყოფილი. ხოლო 2026 წლის 1 იანვრიდან უკვე ტყის მართვის ორგანო – სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს საშეშე მერქნის დამზადებას, საქმიან ეზოებში განთავსებას და შესაბამისად მის ხელმისაწვდომობას მოქალაქეებისათვის სათბობი თუ სამასალე მიზნებისათვის.

ტყის ეროვნული აღრიცხვა, რომელიც ქვეყანაში პირველად ჩატარდა. პროექტი გერმანიის მთავრობამ დააფინანსა და სამუშაო პროცესი 2017-2023 წლებში მიმდინარეობდა. 2023 წლის ბოლოს კი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს ტყეების მდგომარეობისა და მახასიათებლების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია მოამზადა, რომელიც მათი შეფასებით ზუსტია.