ახალი ამბები

პირველადი ტექინსპექტირების საფასური შესაძლოა, გაიზარდოს

პირველადი ტექინსპექტირების ფასი შესაძლოა, გაიზარდოს. ამის შესახებ ტექინსპექტირების ცენტრების კავშირის თავმჯდომარე გიორგი შიოლაშვილი აცხადებს.

მისი თქმით, 5 წლის წინ დადგენილი ფასი, ვეღარ პასუხობს ტექინსპექტირების ცენტრების გამოწვევებს, ამასთან, დიდია კადრების გადინების მაჩვენებელი. შესაბამისად, ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებმა აღნიშნული თხოვნით, ეკონომიკის სამინისტროს უკვე მიმართეს. როგორც გიორგი შიოლაშვილი განმარტავს, საუბარია არსებული ფასის, დაახლოებით 50%-მდე ზრდაზე.

„ამ დროისთვის, პირველადი ტექინსპექტირება ღირს 60 ლარი. თუ ავტომობილი დახარვეზდა, განმეორებითის საფასური შეადგენს 20 ლარს. რაც შეეხება ტექინსპექტირების გაუვლელობაზე ჯარიმებს, თუ ადრე, ავტომფლობელი ყველა ჯერზე 50 ლარს იხდიდა, ახლა განმეორებითი ჯარიმა შეადგენს 150 ლარს, შემდეგი 300 ლარს და 500 ლარამდე ადის.

ახლა ცენტრები ითხოვენ, რომ ტექინსპექტირების საფასური გაიზარდოს, რადგან ძალიან გაიზარდა ხარჯები. მოგახსენებთ, 5 წლის წინ დადგინდა არსებული საფასური და მას შედეგ არ გადახედილა. მაშინ, როდესაც სახელფასო ფონდი, რაც იყო, დღეს უკვე აღარ პასუხობს მოთხოვნებს და საკმაოდ დიდია კადრების გადინება. ასევე, 5 წლის ოპერირების თავზე, თვითონ გამზომი მოწყობილობების განახლების საკითხიც აქტუალურია, რადგან არსებული მოძველდა, საჭიროებს განახლებას და საკმაოდ დიდ ინვესტიციებს. აქედან გამომდინარე, დადგა ეს საკითხი, რომ გადაიხედოს პირველადი ტექინსპექტირების საფასური. ამის თაობაზე ტექინსპექტირების ცენტრებმა უკვე მივმართეთ ეკონომიკის სამინისტროს. მიმდინარეობს კონსულტაციები.

ჩვენ ისე უნდა გავაკეთოთ, რომ მძიმე ტვირთად არ დააწვეს ავტომფლობელებს, მაგრამ ამავე დროს, იმდენით გაიზარდოს, ტექინსპექტირების სექტორი არსებულ გამოწვევებს გაუმკლავდეს.

საუბარია, დაახლოებით, 50%-მდე ზრდაზე (ამის ქვემოთ). კონკრეტული ციფრის დასახელებას ვერიდებით, რადგან ეს სხვადასხვა კვლევებისა და ანალიზის საფუძველზე უნდა დადგინდეს“,- ამბობს „ბიზნესპრესნიუსთან“ გიორგი შიოლაშვილი.