თევზჭერის დროს ელექტროშოკური აპარატის გამოყენებასა და ბრაკონიერობაზე სანქციები მკაცრდება
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი განიხილეს.
კანონპროექტი პირველი მოსმენით განსახილველად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.
ცვლილებით, ხელნაკეთი ელექტრო შოკური მოწყობილობების დამზადებასა და თევზჭერის პროცესში მის გამოყენებაზე სანქციები მკაცრდება. ნინო თანდილაშვილის განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში ბრაკონიერობამ არნახული მასშტაბები მიიღო.
„განსაკუთრებით მომრავლდა ისეთი საშუალებები, როგორიცაა ელექტრო შოკური აპარატის გამოყენება, რაც საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ მდინარეებში არსებული ბიომრავალფეროვნების სახეობებისთვის, არამედ სახიფათოა ადამიანის სიცოცხლისთვისაც. წარსულში არაერთი მძიმე შემთხვევა გვქონდა. მრავალი პრევენციული ღონისძიების და ამ თვალსაზრისით სანქციების გამკაცრების მიუხედავად, მაინც ხდება ბრაკონიერობის ფაქტები. ეს გავლენას ახდენს მდინარეებში თევზის სახეობებზე და შეუქცევად ზიანს აყენებს გარემოს“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
მისივე თქმით, მოქმედი კანონმდებლობა სასჯელს მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუკი უკანონო თევზჭერის ფაქტზე დააფიქსირებენ ბრაკონიერს, მაგრამ ხელნაკეთი ელექტრო შოკური მოწყობილობების თევზჭერის პროცესში გამოყენების მასშტაბურობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა კანონმდებლობაში ახალი სანქციების შემოტანა, რომელიც გავრცელდება ამგვარი მოწყობილობების დამზადებაზე, შენახვასა და გადატანაზე.
კანონპროექტით საჯარიმო სანქციები იზრდება ასევე გემებიდან შავი ზღვის დაბინძურების შემთხვევაშიც. კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილებები შედის რამდენიმე კანონში. კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ საკანონმდებლო პაკეტს. დეპუტატებმა სხდომაზე მოისმინეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში და 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს.
ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში კომიტეტის საქმიანობის მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა გარემოს დაცვა და კონსერვაცია. ასევე ცირკულარული ეკონომიკა, მწვანე ეკონომიკა, დაბალემისიიანი განვითარება და კლიმატმედეგი სოფლისა და ურბანული განვითარება, გარემოსდაცვითი მექანიზმების შემუშავება. კომიტეტის აპარატის წარმომადგენლებმა ისაუბრეს საანგარიშო წელს კომიტეტის მიერ გაწეული აქტივობის შესახებ, რომელიც მოიცავდა როგორც საკომიტეტო სხდომებს, ასევე განხილული კანონპროექტების სტატისტიკას.
ყურადღება გამახვილდა კომიტეტის მიერ შემუშავებულ და ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც 21 კანონპროექტს მოიცავს. ასევე დეტალურად ისაუბრეს კომიტეტთან არსებულ სამუშაო ჯგუფებთან თანამშრომლობის შესახებ.