ახალი ამბები

იანვარში საქართველოს ექსპორტ-იმპორტი შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 მილიარდ 341 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.8%-ით ნაკლებია.

აქედან ექსპორტი 338 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის იანვართან შედარებით 26.2%-ით არის შემცირებული, ხოლო იმპორტი 10.1%-ით 1 მილიარდ 002 მილიონ დოლარამდე შემცირდა. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარში, 664.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.5%-ია.

2024 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს
მთლიან ექსპორტში 80.8% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (46.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (41.6 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (40.9 მლნ. აშშ დოლარი). უნდა აღინიშნოს, რომ ყირგიზეთი საექსპორტო მიმართულებების სათავეში ვაჭრობის ისტორიაში პირველად მოხვდა.

2024 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70% შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (203.1 მლნ დოლარი), რუსეთი (148.4 მლნ დოლარი) და ჩინეთი (76.4 მლნ დოლარი).

2024 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი ტრადიციულად მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 112 მლნ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 33.1%-ს შეადგენს.