ახალი ამბები

საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსი იწყება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსს იწყებს.­

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დირექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყება და 29 თებერვალს დასრულდება.

„საჯარო სკოლებში დირექტორების პოზიციაზე არსებული ვაკანსიის სიმრავლისა და სისტემაში ახალი, კვალიფიციური კადრის მოზიდვის საჭიროების გათვალისწინებით, გაანალიზდა 2023 წელს ჩატარებული კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი მნიშვნელოვანი ასპექტები. კონკურსის გამართვის მოქმედი წესის რევიზიის შედეგად, გამოიკვეთა გარკვეული ცვლილებების განხორციელების საჭიროება და მიზანშეწონილად ჩაითვალა გადამუშავებულიყო 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი“. დირექტორთა შესარჩევი კონკურსის მასშტაბების გაზრდის, პროცესის ინკლუზიურობის და მოქნილობის ხელშეწყობის მიზნით, მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილებები: გაუქმდეს სერტიფიცირების ეტაპი და ნაცვლად დირექტორობის შესარჩევი კონკურსის ორი ეტაპისა, რომელიც მოიცავდა ცალკე სერტიფიცირებას (ტესტირება, გასაუბრება) და ცალკე დამატებით გასაუბრებას დირექტორობის კანდიდატის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთან წარდგენის მიზნით, ახალი წესის მიხედვით, დირექტორობის მსურველს, შესაძლებლობა მიეცემა გაიაროს ტესტირება და მხოლოდ ერთი გასაუბრება.

ამასთან, ახალი მიდგომით მოქმედი სერტიფიკატის მქონე ყველა პირს უფლება მიეცემა კონკურსში ჩაერთოს პირდაპირ გასაუბრების ეტაპზე ტესტირების გავლის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ კონკურსში მონაწილეობა ხდება უფასო.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეობის მქონე დირექტორობის კანდიდატს, რომელსაც აქვს: უმაღლესი განათლება; მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება.

საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის წარდგენის მიზნით, დირექტორობის კანდიდატი კონკურსის გამოცხადებისთანავე რეგისტრირდება ელექტრონულად და უთითებს არაუმეტეს სამ საჯარო სკოლას, სადაც სურს წარადგინოს კომისიამ დირექტორობის კანდიდატად. დირექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2024 წლის 19 თებერვალს და 29 თებერვალს დასრულდება.

ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.

გასაუბრებაზე დაიშვება დირექტორობის კანდიდატი, რომელიც გადალახავს ტესტირებისათვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს (ტესტირების წარმატებით გავლა). დირექტორობის კანდიდატი, მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოსათვის წარდგენის მიზნით, ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, გადის გასაუბრებას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან/კომისიებთან და წარადგენს რეგისტრაციისას მითითებული სკოლის/სკოლების სტრატეგიული განვითარების ხედვას. როგორც აღინიშნა, ტესტირებისგან თავისუფლდება დირექტორობის ის კანდიდატი, რომელსაც „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის №25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის“ შესაბამისად, აქვს ამ ბრძანების ძალაში შესვლის მომენტისათვის მოქმედი დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი. აღნიშნული პირები რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში უთითებენ სამ სასურველ საჯარო სკოლას და კონკურსში ერთვებიან გასაუბრების ეტაპზე.

დირექტორობის კანდიდატები მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ასარჩევად წარედგინება მხოლოდ იმ საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებს, რომელსაც დირექტორობის უფლების მქონე პირები მიუთითებენ ელექტრონული რეგისტრაციისას.

დირექტორობის კანდიდატი დირექტორად არჩევამდე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წარუდგენს: ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლს; ბ) ფოტოსურათს; გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს; დ) ცნობას მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილების შესახებ, მათ შორის განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილების შესახებ; ე) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობას; ვ) ცნობას ნასამართლობის შესახებ; ზ) ცნობას სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ; თ) ცნობას უფლების ჩამორთმევის შესახებ; ი) საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ სხვა დოკუმენტს.

დირექტორობის მსურველთა საგამოცდო პროგრამა და ტესტის ნიმუშები 19 თებერვლიდან ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე: https://directors.mes.gov.ge“- ნათქვამია ინფორმაციაში.