ახალი ამბები

ქართულ კომპანიებს ევროკავშირის საჯარო შესყიდვებში მონაწილეობა შეეძლებათ

ქართულ კომპანიებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საჯარო შესყიდვებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ.

ეს შესაძლებლობა ქართულ ბიზნესს საჯარო შესყიდვების რეფორმის ფარგლებში მიეცა.

„მნიშვნელოვანია ის, რომ 2023 წელს მივიღეთ ახალი კანონი, რომელიც სრულ თანხვედრაშია ევროკავშირის დირექტივებთან და აქედან გამომდინარე, ბევრ საშუალებას უჩენს ბიზნესს ევროკავშირში ოპერირებისთვის. ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს ბიზნესთან, ვუხსნით მათ ამ შესაძლებლობის მნიშვნელობას.

ეს პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს და დღეს, ქართულ კომპანიებს საშუალება მიეცათ, რომ საქონლის მიწოდების ნაწილში მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გამოცხადებულ ტენდერებში, თუმცა, ჯერჯერობით, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა“ – აცხადებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე.

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ და „ექსპორტის განვითარების ასოციაციამ“ USAID-თან თანამშრომლობით სპეციალური სახელმძღვანელო „საჯარო შესყიდვები ევროკავშირში“ შეიმუშავა.

„საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი ქვეყანამ 2023 წლის 9 თებერვალს USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით მიიღო. კანონის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში დაინერგება ახალი პროცედურები და ინსტრუმენტები, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობას შესაბამისობაში მოიყვანს ევროკავშირის დირექტივებთან და ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას. საჯარო შესყიდვების რეფორმის ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზის თანახმად, მომდევნო ათი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 2,1 მილიარდი ლარით გაიზრდება.